პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს (ვიდეო)

     საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. სომხეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
ამ საკითხზე ნიკოლ ფაშინიანმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა (ვიდეო იხ. აქ).
სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს.
საქართველო მეგობარი სახელმწიფოა. საქართველოსა და სომხეთის ძმური ურთიერთობები უნდა განვითარდეს, რადგან ჩვენ ვართ მოძმე ქვეყნები და ახლო პარტნიორები. ჩვენი პარტიის პროგრამაში საქართველოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის.
ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს. ზოგჯერ ჩვენს ურთიერთობებზე გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური ფაქტორები და, სამწუხაროდ, ამ ფაქტორების გავლენა ყოველთვის პოზიტიური არ არის. ზოგჯერ გვაქვს ნეგატივი“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ის მიიჩნევს, რომ საქართველომ და სომხეთმა ისეთი ურთიერთობა უნდა ჩამოაყალიბონ, რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებს მიღმა იქნება.
ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებს მიღმა იქნება. სომხეთსა და საქართველოს პირდაპირი ორმხრივი ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ და ჩვენ უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა ყველა სფეროში, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში და ადამიანებს შორის ურთიერთობებიც უნდა გაღრმავდეს“, – განუცხადა ნიკოლ ფაშინიანმა პირველ არხს.