პოლიტიკა
შემცირებები, ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა - მმართველი პარტიის მე-5 ყრილობამდე 5 დღით ადრე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დაიწყო - საქინფორმი

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 2018 წლის 11 მაისს საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მე-5 ყრილობა გაიმართება. ამჯერად ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას მხოლოდ 500 დელეგატი მიიღებს, რაც, უეჭველია, პარტიის ხელმძღვანელად დაბრუნებული მისი დამფუძნებლის - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა გახლდათ. ასევე ეჭვგარეშეა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომლის წევრებით არის დაკომპლექტებული საპარლამენტო უმრავლესობა და მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება, არ შემოიფარგლება მხოლოდ პარტიული რეორგანიზაციით და რეფორმებით მის მიერ შექმნილ პარტიაში, არამედ ცვლილებებს შეიტანს მთავრობის მუშაობაში, მინისტრთა კაბინეტში კადრების რესტრუქტურიზაციას და შემცირებას მოახდენს.
ამას ადასტურებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 2018 წლის 7 მაისის ბრძანება, რომელიც საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება, რის შედეგადაც მიღებულ იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა.
რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა არაუმეტეს ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს, ამავე სამსახურს ევალება ბრძანების მთავრობის ადმინისტრაციის თითოეული მოხელისთვის გაცნობა.