სამართალი
გიორგი ტატუნაშვილი - ჩემი შვილი სასტიკად იყო ნაწამები, ვითხოვთ ექსპერტიზის შედეგების გაცნობას

     საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი ექსპერტიზის შედეგების გაცნობას მოითხოვს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ გაიმართა.
მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად იყო ნაწამები და დასკვნაში ამის ასახვას შინაგანი ორგანოების გადმოცემა არ სჭირდებოდა.
შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩემი შვილი იყო სასტიკად ნაწამები, რაღად უნდოდა ამას შუალედური დასკვნა და შინაგანი ორგანოების გადმოცემა, ადამიანი იყო სასტიკად ნაწამები. ტელეფონში მაქვს სურათები გადაღებული, შუბლზე ნატყვიარიც ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, თავისი არაა და ხელები დაჩეჩქვილი და დამტვრეული ჰქონდა, ხელმეორედ აწყობილი თითები. ამას რაში სჭირდებოდა შინაგანი ორგანოები, მაინტერესებს, რატომ არ დადო შუალედური დასკვნა სამხარაულის ბიურომ“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
მისი თქმით, ადვოკატებისგან შეიტყო, რომ სახელმწიფო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს.
ადვოკატისგან გავიგე დღეს, რომ სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოში სარჩელს ამზადებდა. გამოძიებასთან გვაქვს კომუნიკაცია, ჩემთვის ყველა ახალი ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ვითხოვთ ექსპერტიზის შედეგების გაცნობას“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, არჩილ ტატუნაშვილის მამასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აქტიურად გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის და მოამზადოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საქართველო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.
გიორგი ტატუნაშვილის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შესატანად ინდივიდუალური სარჩელი მზადდება, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა განაცხადა.
ამასთან, ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ საქმის გამოძიება სრულყოფილად და ეფექტიანად წარიმართება.
ჩვენ ვამზადებთ ინდივიდუალურ საჩივარს გიორგი ტატუნაშვილის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. იმედს გამოვთქვამთ, რომ გამოძიება იქნება სრულყოფილი და ეფექტიანი, არ გაჭიანურდება და ჩვენ არ მოგვიწევს საქართველოს წინააღმდეგაც საჩივრის შეტანა, თუმცა, ამ ეტაპზე ეს არ წარმოადგენს ჩვენს მიზანს. ჩვენი მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიება ეფექტურად და სრულყოფილად ჩაატაროს. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ საჩივარს, მზადების ეტაპზეა“, – განაცხადა ავალიანმა.