ვიტიროთ თუ გვიხაროდეს? ვიამაყოთ თუ შეგვრცხვეს? - არნო ხიდირბეგიშვილი დიადი გამარჯვების 73 წლისთავთან დაკავშირებით
პოლიტიკა
ვიტიროთ თუ გვიხაროდეს? ვიამაყოთ თუ შეგვრცხვეს? - არნო ხიდირბეგიშვილი დიადი გამარჯვების 73 წლისთავთან დაკავშირებით

     საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი.
რა გრძნობით, რა სინდისით მივდივართ დღეს თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან? სიხარულითა და სიამაყით, რომ ჩვენმა ახლობლებმა ფაშიზმი დაამარცხეს, თუ სირცხვილის ცრემლებით, იმიტომ რომ მათ მიერ ჩვენთვის მოძღვნილი დიადი გამარჯვება ვერ დავიცავით?!

შარშან ისინი 948-ნი იყვნენ, დღეს საქართველოში დიდი სამამულო ომის 676 ვეტერანია... მაშ, ნუ დავიზარებთ და ოდნავ დავიხაროთ, რათა სახეში შევხედოთ საბრძოლო მედლების სიმძიმით წელში მოხრილ ამ გმირებს, სანამ ასეთი შესაძლებლობა კიდევ გვაქვს! შეამჩნიეთ, როგორი ბავშვური, ალალი და უძირო თვალები აქვთ, რომლებიც თითქოს მუდამ რაღაცას გვეკითხებიან?! არა, ეს ბებრული უძლურების ბრალი არ არის, უბრალოდ, მათ არ ესმით - რისთვის უმართავენ დღეს ზეიმს?!

„განა შენ და შენმა თანატოლებმა არ დაუშვით, შვილო, რომ მჟავანაძის შემდეგ საქართველოში ხელისუფლებაში ეს ხალხი მოსულიყო? -
მკითხავენ ვეტერანები და თვალებით მიმითითებენ ქართველ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მედიდურად მიაბიჯებენ უზარმაზარი გვირგვინების უკან, მაგალითად - პრეზიდენტ მარგველაშვილზე. - განა მათ არ აგვიკრძალეს იმ ომის დიდ სამამულო ომად მოხსენიება და გვიბრძანეს, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომი ვუწოდოთ? განა მათ არ აიღეს სტალინის ძეგლი გორში და განაცხადეს, რომ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი ჰიტლერზე უარესი მტარვალი იყო? განა მათ არ აკრძალეს ჩვენი ორდენები, იმიტომ რომ ვარსკვლავი, ნამგალი და ურო საბჭოთა სიმბოლიკაა, რომელიც მათ აკრძალეს, როგორც ფაშისტური? ჩვენ ერთი და ძლიერი სამშობლო გვქონდა - სსრკ, მათ ის წაგვართვეს... ჩვენ ერთმორწმუნე და ერთგული რუსი ძმები გვყავდა, რომლებთან ერთად ფაშისტებს ვებრძოდით - დღეს გვეუბნებიან, ისინი ჩვენი მთავარი მტრები და ოკუპანტები არიანო... ჩვენ არ გვაქვს 167 ქართველი საბჭოთა კავშირის გმირიდან არცერთის სახელობის ქუჩა, სამაგიეროდ, გვაქვს ბუშის ქუჩა. ჩვენთან დიდი სამამულო ომის მემორიალი ააფეთქეს ქუთაისში, სამაგიეროდ, თბილისში რეიგანის ძეგლი აღმართეს! მაშ, რისთვის გვიმართავთ დღეს ამ ზეიმს, შვილო, თუკი ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით და რისიც გვჯეროდა, ცუდი იყო?!“.

მიკარნახეთ, რა ვუპასუხო ვეტერანებს?!
მე, ქართველს და მოქალაქეს, ამ შეკითხვებზე პასუხი არ მაქვს, ამიტომ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მაშინ მივალ, როცა იქ აღარც ვეტერანები იქნებიან, აღარც ფარისევლები ხელისუფლებიდან და აღარც თითო-ოროლა „პრორუსი“ თაღლითი, რომლებმაც სადღესასწაულოდ სოლიდური მოსკოვური გრანტები დაითრიეს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი
2018 წლის 9 მაისი