პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ჩვენგან ითხოვდა კანონის დარღვევას, რაც დათვური სამსახური იქნებოდა პრეზიდენტის და პარლამენტის ინსტიტუტებისთვის - კობახიძე

     საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და ადამიანი, რომელიც პირველი უნდა მოგვიწოდებდეს ჩვენ კანონის პატივისცემასა და დაცვაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომის შესვენების დასრულების შემდეგ განაცხადა.
კობახიძემ განმარტა, რომ პარლამენტის დარბაზში დღეს განვითარებულ მოვლენებს, პრეზიდენტის მიერ სხდომის დატოვებასა და მისი მხრიდან დეპუტატების გამოსვლისას პასუხის გაცემის შესაძლებლობის მოთხოვნას, ორი მხარე აქვს – სამართლებრივი და პოლიტიკური.
ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით და ტაქტიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის უმჯობესი იქნებოდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ გადავუხვიოთ რეგლამენტს და გავაგრძელოთ მუშაობა სხვა გზით, არა რეგლამენტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში არავის მიეცემოდა არავითარი საბაბიც კი იმაზე საუბრის, რომ თითქოს არის რაღაც . კინკლაობა ინსტიტუტებს შორის. ცდილობენ ჩვენ შეყვანას ასეთ პროცესში, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და ამას ხედავს როგორ უმრავლესობა, ისე უმცირესობა, ჩვენ დადებითი გადაწყვეტილებით შეგვიძლია, ამის საბაბი მთლიანად მოვსპოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მისი განმარტებით, სამართლებრივად პარლამენტს რეგლამენტის მიხედვით მოქმედება ევალება. რეგლამენტი კი გულისხმობს დროის დათმობას ფრაქციებისთვის, უმცირესობა-უმრავლესობისთვის, ვიცე-სპიკერებისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის. შემდეგ კი დასკვნითი სიტყვა ეძლევა მომხსენებელს – პრეზიდენტს.
ეს არის გაწერილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვთავაზობენ რეგლამენტიდან, საკანონმდებლო აქტიდან გადახვევას. ამას რომ გვთავაზობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის ჩახედული პოლიტიკურ პროცესებში, არ არის ჩახედული საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს იქნებოდა კიდევ უფრო მეტად გასაგები. თუმცა ამას გვთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის ჩართული უკვე ხუთი წელია, პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო პროცესში. ის უკვე მეხუთედ აკეთებს მოხსენებას საქართველოს პარლამენტში და იყენებს ამ ფორმატს თავისი მოხსენებისთვის. მან ძალიან კარგად იცოდა და ზუსტად იცოდა, თუ როგორი პროცედურაა დაკავშირებული მის მოხსენებასთან საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მისი ეს მოთხოვნა არის ბევრად უფრო მეტად გაუგებარი, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, როდესაც ასეთ მოთხოვნას დააყენებდა საქმეში ჩაუხედავი, საპარლამენტო პროცესში და პოლიტიკურ პროცესებში ჩაუხედავი ადამიანი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და ის ადამიანი, რომელიც პირველი უნდა მოუწოდებდეს ყველას კანონის პატივისცემისა და დაცვისკენ.
ეს კიდევ უფრო მძიმეს ხდის იმ შთაბეჭდილებას, რომელიც შეიქმნა ამ მოთხოვნიდან. სამწუხაროდ, ჩვენ გვთხოვენ კანონისგან გადახვევას, გადაცდომას და რეგლამენტის წინააღმდეგ მოქმედებას, რაც არის ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, პრინციპულად მიუღებელი. მე ვალდებული ვარ ინსტიტუტის პრესტიჟის დაცვაზე, ჩვენი ძირითადი საკანონმდებლო აქტის პრესტიჟის დაცვაზე და, აქედან გამომდინარე, მე ვარ ვალდებული, მიუხედავად პოლიტიკური კონტექსტისა, დავაფიქსირო ჩემი სამართლებრივი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ითხოვს რეგლამენტის დარღვევას, რაც ძალიან სამწუხაროა.
ჩვენ გვთხოვენ კანონის დარღვევას, საქართველოს პრეზიდენტი ჩვენგან ითხოვს კანონის, კანონის ძალის მქონე აქტის, რეგლამენტის დარღვევას, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ვფიქრობ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც კონსტიტუციური ორგანოს თავმჯდომარე, რომ ასეთი გადახვევა იქნებოდა დათვური სამსახური ინსტიტუტებისთვის, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, ასევე საქართველოს პარლამენტის ინსტიტუტისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან დეპუტატებს რეგლამენტის გადახვევით სხდომის გაგრძელება შესთავაზა და საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. კენჭისყრის შედეგად განხილვის ფორმატის შეცვლას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ უძღოდა კამათი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემისა და დებატებში შესვლის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი პრეზიდენტს განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.