პოლიტიკა
NDI: მარგველაშვილი - 26%, კვირიკაშვილი - 25%, ბაქრაძე - 25%, თალაკვაძე - 13%

     საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 26% აფასებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას - 25%.
ამასთან, NDI-ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის 51% - პრეზიდენტის საქმიანობას, ხოლო 52% პრემიერის საქმიანობას აფასებს საშუალოდ. რაც შეეხება უარყოფით შეფასებებს, როგორც გიორგი მარგველაშვილის, ისე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას უარყოფითად 3-3% აფასებს.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოკითხულთა 19% ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 43% - საშუალოდ, 22% - უარყოფითად. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25% დადებითად აფასებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას, ხოლო 13% - უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის საქმიანობას.
ამით, როგორც გუშინ აღნიშნავდა საქინფორმი, NDI დემონსტრირებას ახდენს, რომ საქართველოში ოპოზიცია - პრეზიდენტ მარგველაშვილის და საპარლამენტო ოპოზიციის სახით, რომელსაც ბაქრაძე წარმოადგენს (პარლამენტის თავმჯდომარე სააკაშვილის რეჟიმის დროს) უფრო პოპულარულია, ვიდრე მოქმედი ხელისუფლება პრემიერ კვირიკაშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის სახით, რომელსაც თალაკვაძე წარმოადგენს.
ამით NDI საქართველოში და საზღვარგარეთ საზოგადოებრივ აზრს ამზადებს, რომ საქართველოში ხელისუფლება მალე შეიცვლება და ყველა წინაპირობა არსებობს, რომ მის სათავეში ისევ საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტები - სააკაშვილი და მარგველაშვილი მოვლენ, რომლებიც ხელისუფლების საპრეზიდენტო, საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს გაინაწილებენ.