საქართველოს პარლამენტში აღარ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც 2012 წელს ცვლილებების შემოქმედი იყო - პრეზიდენტი მარგველაშვილი
აქტუალური
საქართველოს პარლამენტში აღარ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც 2012 წელს ცვლილებების შემოქმედი იყო - პრეზიდენტი მარგველაშვილი

     საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში აღარ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც 2012 წელს ცვლილებების შემოქმედი იყო, მაგრამ მთელ ქართველ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე მეხუთე საანგარიშო, შემაჯამებელი მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ჩემი დღევანდელი გამოსვლა მეხუთე გამოსვლაა პარლამენტში, რომელიც ბოლო წლებში ჩვენი ერთად მოღვაწეობის შეჯამებაა. ბუნებრივია, ეს პროცესი ვერ იქნება სრული, თუ ჩვენ არ შევეხებით 2012 წელს და იმ ცვლილებას, რომელიც მაშინ მოხდა.
დღეს საქართველოს პარლამენტში არ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესის შემოქმედი იყო, მაგრამ მთელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა, იმიტომ რომ ეს იყო საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი.
ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა გახდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თვისობრივად წინ წასწია. მე მახსენდება 2013 წელიც, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო, იმიტომ რომ მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის, რაც გააკეთა დავით სერგეენკომ, ის, რაც გააკეთა დავით კირვალიძემ, ის, რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ მას მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე, იყო ორიენტირებული იმაზე, რომ შეცვლილიყო რიგითი ქართველის ყოფა.
ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი, ვყოფილიყავი ქართული ოცნებისსაპრეზიდენტო კანდიდატი, რათა ეს მუშაობა და მოღვაწეობა გაგრძელებულიყო, იმიტომ რომ მართლაც აღმაფრთოვანებელი იყო - ჩვენი ყოველდღიური მუშაობით ვცვლიდით რიგითი ქართველის ცხოვრების პირობებს. დღეს ჩვენ შევეცდებით, შევაჯამოთ ის, რაც მერე განვვლეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.