პოლიტიკა
ადგილობრივ ოფისს, რომელიც NDI-ს კვლევებს ატარებს, ყველანაირი რეპუტაცია დაკარგული აქვს - კახი კალაძე

     საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. დედაქალაქის მერის კახი კალაძის შეფასებით, NDI-ს ადგილობრივ ოფისს რეპუტაცია დაკარგული აქვს.
კალაძე კვლევის შედეგებთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს.
„NDI-სთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომები იცით. მოყოლებული 2012 წლიდან, ადგილობრივ ოფისს, რომელიც ატარებს ამ კვლევებს, ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. შესაბამისად, თავს შევიკავებდი, კიდევ რამე დამატებითი კომენტარები გავაკეთო.
არაერთხელ მისაუბრია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისევ იმ პოზიციაზე ვარ, რა პოზიციასაც ვაფიქსირებდით, არ არის საინტერესო უკვე. კონკრეტულად ქართული კომპანია, ვინც აკეთებს კვლევებს, ჩვენ მათ შედეგებს არ ვეთანხმებით“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, თბილისის მერის კახი კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 38% კარგად აფასებს. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით თბილისის მერის კახი კალაძის საქმიანობას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ ძალიან კარგად, 31% – საშუალოდ, 7% – ცუდად, ხოლო 5% – ძალიან ცუდად. კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4%-მა.