აქტუალური
გერმანიამ საქართველოს 230 მილიონი ევრო სესხის სახით გამოუყო და 22,7 მილიონი ევრო - გრანტის სახით

     საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ჰაიკე ფაიჩმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 252,7 მილიონი ევროს (230 მილიონი ევრო - სესხის და 22,7 მილიონი ევრო გრანტის სახით) ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას ისეთი მიმართულებებისათვის როგორიცაა ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა, კომუნალური ინფრასტრუქტურა, პროფესიული განათლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური ინტერგრაციის ხელშეწყობა და ენერგოეფექტიანობის კუთხით ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.
ფინანსთა მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობა უწევს ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მხარეებმა მიმოიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტები და, ასევე, ენერგოეფექტიანობის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები.
ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორი კლაუს ფეიგელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დირექტორი როლანდ შტურერი.