პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი ამ კვირაში საქართველოში ჩამოვა

     საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მიტჩელი ბრიუსელში ნატო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ თბილისში ჩავა. ის სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს ფორუმზე, ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მიტჩელი ასევე შეხვდება აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრებს და აშშ-ის სახელით მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს სწრაფვას, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია მოახდინოს”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მიტჩელის საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებიათ. ამასთან ცნობილია, რომ საქართველოს შემდეგ ის უკრაინაში ჩავა. ამერიკელ დიპლომატს კიევში 1-3 მაისს ელოდებიან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის უეს მიტჩელის საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, უეს მიტჩელი ნატოს დღეების ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში ბრიუსელიდან ნატოს მინისტერიალის შემდეგ ჩამოვა. უეს მიტჩელი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს და ასევე ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს მიმართავს. ეს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხაზგასმაა. ინტეგრაციული პროცესების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებაში ფორუმის სხვა მონაწილეებიც დიდ წვლილს შეიტანენ“, – აღნიშნა ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში მესამედ იმართება.
ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი ნატოს დღეების ფარგლებში ჩატარდება. საინფორმაციო კამპანიას ქვეყნის მაშტაბით აქტიურად ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება მოვახდინოთ.
საქართველოში ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარდაჭერა კარგად გაცნობიერებული და ინფორმირებული არჩევანი იყოს. ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმიც ამ მიზანს ემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთიდან მოწვეული უმაღლესი თანამდებობის პირები“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.