სამართალი
საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩამდენ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ქართული კანონმდებლობით დაეკისრება

     საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე დანაშაულის ჩამდენ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაეკისრება.
შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა.
მთავრობა განმარტავს, რომ კანონმდებლობაში რეგულაციის მიღმა დარჩენილია ის შემთხვევა, როდესაც დანაშაული ჩადენილია საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე.
უცხო სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიას საკუთრივ, პირდაპირ საქართველოს ტერიტორიად საქართველოს არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება არ მიიჩნევს, დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა კი ხელშეუხებელია. შესაბამისად, თუ დანაშაული ჩადენილია საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს, სამართლებრივი ვაკუუმის შექმნის საფრთხე სავსებით რეალურია“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.