სამართალი
ჯეიმს აპატურაი - წლიური ეროვნული პროგრამით საქართველო ნატოსთან ურთიერთობაში გაცილებით წინ არის, ვიდრე ბოსნია-ჰერცეგოვინა

     საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. საქართველოზე ნატოში აქტიურად მსჯელობენ. ვმსჯელობთ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული დახმარება, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, წლიური პროგრამით საქართველო ნატოსთან ურთიერთობებში გაცილებით წინ არის და უფრო დაწინაურებულია, ვიდრე ბოსნია-ჰერცეგოვინა. აპატურაი ასევე აღნიშნავს, რომ ​ნატოს ასპირანტი ქვეყნების შედარება საჭირო არ არის და მონდომების შემთხვევაშიც კი რთული იქნება.
მოგიყვანთ ერთ კარგ მაგალითს. თუ ნატოს წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ ყველა პირობაა შექმნილი, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის წევრობის სამოქმედო გეგმის ამოქმედება მოხდეს, მაშინ ვთქვათ, რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა დაიწყონ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება. წლიური ეროვნული პროგრამა საქართველოს უკვე აქვს, მუშაობს და მხარს ვუჭერთ, ვეხმარებით.
ასპირანტებს ერთმანეთს ვერ შევადარებთ. წლიური ეროვნული პროგრამით საქართველო ნატოსთან ურთიერთობებში გაცილებით წინ არის და უფრო დაწინაურებულია, ვიდრე ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველოზე ნატოში აქტიურად მსჯელობენ. ვმსჯელობთ იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული დახმარება, უფრო კონკრეტულად, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. ეს ნიშნავს უფრო მეტ პოლიტიკურ კონსულტაციებს, პრაქტიკულ თანამშრომლობასა და დახმარებას.
საქართველოს მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა მექანიზმი აქვს. ახლა ისინი უნდა გამოვიყენოთ. წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება მექანიზმებს მაქსიმალურად იყენებს. წევრ ქვეყნებს სურთ ღია კარის პოლიტიკის განხილვა. მათ სურთ, რომ ასპირანტები წავიდნენ წინ. რას ნიშნავს ეს და რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება, ან როდის იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, ამის წინასწარ განსაზღვრა არ შემიძლია. ფაქტია, რომ ღია კარის პოლიტიკაზე უფრო აქტიურად არის მსჯელობა, ვიდრე წინა წლებში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
27 აპრილს ნატოს მინისტერიალზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტი ქვეყნების პროგრესს განიხილავენ. მინისტერიალის მთავარი თემა ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკაა.