საზოგადოება
საქართველოში არაფორმალური მმართველობა, ოპოზიციაზე ზეწოლა, მედიის და სასამართლო სისტემის პრობლემებია - საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე ბათუმში პრეზიდენტ მარგველაშვილის და ოპოზიციის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა

     საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე მხოლოდ ოპოზიცია და მესამე სექტორი არ ლაპარაკობენ – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე პარტია ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. იგივე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა ანი ნაცვლიშვილმა, რომლის აზრით, „საქართველოში არსებობს არაფორმალური მმართველობის პრობლემები“ (გულისხმობს საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს - საქინფორმი), აგრეთვე მედიის თავისუფლების და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრობლემა (გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის დე-ფაქტო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელის - ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში იქნა გასაჩივრებული - საქინფორმი).
მე მოვიყვანე ციტატები საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, სადაც საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე არის საუბარი. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ საქართველოში დემოკრატიაში არსებულ პრობლემებზე მხოლოდ ოპოზიცია და მესამე სექტორი არ საუბრობს, სერიოზული გავლენიანი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით პრობლემაა. საუბარია, პირველ რიგში, არაფორმალურ მმართველობაზე, მედიის, სასამართლოს თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლაზე და ზოგადად, მცდელობებზე სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, მოირგონ კონსტიტუცია და გაიხანგრძლივონ მმართველობა. განვაცხადე, რომ მათ არ აქვთ პრობლემების მოგვარების თაობაზე პასუხი და არც გამოსავალი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დაინახეს, თუ რამდენად მცირე საფუძველი აქვს დიდ კრიტიკულ შეფასებებს, რომლებსაც ჩვენი გუნდის და საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოხატავენ“, – განაცხადა პასუხად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციას საპასუხო არგუმენტები არ ჰქონია, მათ, პრაქტიკულად, ვერ დაასახელეს ის პრეტენზიები, რომელზეც ჰქონდათ საუბარი. ჩვენ ყველა ინფორმაცია გულწრფელად და არგუმენტირებულად წარვადგინეთ იმ საკითხებზე, რომელიც იყო დაგროვილი. ამ სესიამ გაფანტა ყველა კითხვა და ყველა ის კრიტიკული შეფასება, რომელიც უცხოელების წინაშე, ამ თვეების განმავლობაში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საშუალებებითწერილობით თუ ზეპირად წარადგინეს. მე ვიტყოდი, რომ სიმართლე დღევანდელ სესიაზე ჩვენს მხარეს იყო“, – დაასკვნა თალაკვაძემ.