აქტუალური
საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთის პოლიტიკასთან გამკლავებაა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომს აწარმოებს - პრეზიდენტი მარგველაშვილი

     საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები დაკავშირებულია რუსეთის აგრესიასთან, რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან და მეზობლებთან მის ურთიერთობასთან.
ამ გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ორი თარიღი – 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა მათი პრივილეგირებული შეხედულებები და მათი ინტერესები წარმოადგინეს. მეორე თარიღირუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც მოვისმინეთ ახალი საგარეო პოლიტიკა, რომლითაც დაანონსდა ახალი ცივი ომის კონცეფცია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთი და მის მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან გამკლავებაა, რომელიც აწარმოებს ჰიბრიდულ, პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
ეს არის სამომავლო გამოწვევა ჩვენთვის, რომელიც მიმართული არ არის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, იგი ზოგადად სამომავლო გამოწვევაა, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ჰიბრიდული ომების წინააღმდეგ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველო პროპაგანდისტული ომის წინაშეა და ამ პროცესის საშუალებით ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს საზოგადოებაში, სოციალური მედიისა და სხვა მედიაფორმატის გამოყენებით. რუსეთი ამ პროპაგანდისტული ომის წარმოებისას ირჩევს ქვეყანაში არსებულ პრობლემას, ახდენს საზოგადოებისა და გარემოს რადიკალიზაციას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ვერ დავუთმობთ ჩვენს დემოკრატიას და ჩვენ ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა ვქმნიდეთ ჩვენს ერთობლივ გზავნილებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დისკუსიისას, რომელიც ბათუმში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის „როუზ-როსის“ სემინარის ფარგლებში გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ რუსეთის პრეზიდენტი არ ლაპარაკობდა ღიად საკუთარი ინტერესების გამოხატვაზე მის სამეზობლოში, მაგრამ ამის შემდეგ, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგინა ხედვა სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არის ცივი ომის ახალი კონცეფცია.
პრეზიდენტის თქმით, ცივი ომი ნიშნავს შეიარაღებულ დაძაბულობას და პროქსის ფორმატით ომის წარმოებას. შესაძლებელია, ცივ ომთან დაკავშირებით ძველი დრო დაგვიბრუნდეს. უნდა მოხდეს საქართველოს და სხვა პროდასავლური ქვეყნების დაცვა. თუ გვინდა, რომ კონფლიქტები თავიდან ავიცილოთ, ძალიან სწრაფად მოქმედებაა საჭირო.