პოლიტიკა
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოში და, განსაკუთრებით, მის საზღვრებს გარეთ ყველას როდი მოსწონს, მაგრამ მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია - მარია ზახაროვა

     საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. „როდესაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოავლინა რუსეთთან ურთიერთობის ღრმა კრიზისიდან გამოსვლაში დაინტერესება, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი და ამ წლების განმავლობაში მან ყველასათვის ცნობილი დადებითი შედეგები მოიტანა. კერძოდ, აღდგა და ბევრად გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა, აღდგენილია საავიაციო და მიწისზედა სატრანსპორტო მიმოსვლა, მოიხსნა 2006 წლიდან მოქმედი შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსასვლელი ვიზების გაცემაზე, აქტიურად ვითარდება საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო, სპორტული კონტაქტები.
ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი არა მხოლოდ გაჩნდა, არამედ წარმატებით განხორციელდა. ეს საქართველოში და, განსაკუთრებით, მის საზღვრებს გარეთ ყველას როდი მოსწონს. გასაკვირი არ არის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები „ტატუნაშვილის საქმეს“ ჩაეჭიდნენ. მაგრამ, ამ დასანანი ინციდენტის ირგვლივ საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობის უკან დახევა არ გამოუვიდათ“,
- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ „Дождь“-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ტატუნაშვილის საქმე“ პირდაპირ სამხრეთ ოსეთთან უნდა განიხილოს.