უცხოეთი
რუსთავი2-ის საქმე, მედიაგარემო, პრობლემები სასამართლოში და მუხთარლის საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა

     საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. რუსთავი2-ის საქმე და მედიაგარემო საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა. ანგარიშში ხაზგასმულია სხვადასხვა ორგანიზაციის შეშფოთება მთავრობის მიერ კრიტიკულ მედიაში ჩარევის შესახებ და მედიაპლურალიზმის პრობლემაზე.
ანგარიშში ასევე საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლისგან დაუცველები არიან.
ვაშინგტონში ასევე მიაჩნიათ, რომ სამი ტელევიზიის – იმედის, მაესტროსა და GDS-ის გაერთიანებამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად, მედიაპლურალიზმი შეამცირა.
„მედიადამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია აცხადებენ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ძლიერი გავლენა მთავრობასა და სასამართლოზე, მათ შორის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, რუსთავი2-ის მფლობელების შეცვლასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მედიასაშუალება, დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ მედიაპლურალიზმის კუთხით შეზღუდული გარემოსა და მედიაში პოლიტიკური ჩარევის გამო, განსაკუთრებით ეს ეხება იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ. მათ შორის რჩება წუხილი, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან ჩარევას და ასევე კრიტიკას ზოგიერთო მედიასაშუალების სავარაუდო პროოპოზიციურ კავშირებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ქვეყნის ყველაზე ყურებად სატელევიზიო სადგურ რუსთავი2-თან მიმართებაში.
"არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე გააკრიტიკეს სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობა, როდესაც 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი2 ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, ვიდრე ის თავად არ შეისწავლიდა ამ საქმეს. აქტივების დაყადაღებისა და ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულებების გამო რუსთავი2-ს ფინანსური პრობლემები შეექმნა,“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში დიდი ყურადღება ეთმობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეს. ანგარიშში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რუსთავი2-ის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების შესახებ ფაქტების დასადგენად.

rustavi2.ge