საზოგადოება
ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ისე ახლოს ნატოსთან და ევროკავშირთან, როგორც დღეს! ნატოში ინტეგრაცია საქართველოს უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანია - მიხეილ ჯანელიძე

     საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. ნატოს დღეების ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქვემო ქართლის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე ილაპარაკა.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ნატოს დღეების ფარგლებში პირველი ვიზიტით სწორედ მარნეულს ეწვია, ქალაქს, რომელიც, მისი თქმით, არის დიდი შესაძლებლობების, ისტორიისა და დიდი მომავლის მქონე ქალაქი, ხოლო საზოგადოება აქტიური და მონდომებული, რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესულ პროცესებს.
მინისტრის განცხადებით, უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სწორი აღქმა იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც ინტეგრაციის პროცესს თან ახლავს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა ნატოში ინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და გაძლიერებას ემსახურება.
ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანი. ჩვენ გვაქვს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების უფლება, ჩვენ გვაქვს გაძლიერების საჭიროება, იმისათვის, რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო, შეგვეძლოს თავდაცვა და შეგვეძლოს აგრესიასთან გამკლავება. სწორედ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და გაძლიერებას ემსახურება ჩვენი ნატოსთან თანამშრომლობა, – განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად დაკავშირებოდა ევროატლანტიკურ ოჯახს და მის ღირებულებებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხო და წარმატებული მომავლისთვის.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, დღეს საქართველო უკვე ასპირანტი ქვეყანაა და მას გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ხდის მეტად ინტეგრირებულს ნატოსთან და ნატოს სტანდარტებთან.
ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ ასე ახლოს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან როგორც ვართ დღეს ჩვენი რეფორმებიდან, მიდგომებიდან და ნაბიჯებიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია, ამ თანამშრომლობით უზუნველვყოთ მეტი მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, – განაცხადა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრისას ასევე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ხაზი გაუსვა მთავრობის საბოლოო მიზანს, რასაც ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.
ჩვენი მიზანია საბოლოო წევრობა ევროკავშირშირათა ჩვენ ვიყოთ ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რომელსაც იღებს ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, ჩვენ დღეს გვაქვს განსაკუთრებული შედეგი, ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანააღმოსავლეთ პარტნიორობაშიჩვენი პროგრესით, რეფორმებით და ინტეგრაციის პროცესით. ჩვენი მიზანია, გავეჯიბროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანების გზაზე დგანან, შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენ ნამდვილად არ ჩამოვუვარდებით, თუ არ ვუსწრებთ კიდევაც, ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანების გზაზე დგანან. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ და აუცილებად დადგება ის დრო და მომენტი, როდესაც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა და საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პულისმა.
მიხეილ ჯანელიძის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.