პოლიტიკა
პარლამენტში „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირება მიმდინარეობს?

     საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ “პარლამენტში „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირება მიმდინარეობს, რომელთა მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება“.
აბაშიშვილის განცხადებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა. სოფო კილაძეს მიაჩნია, რომ „პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ პატიმართა შეწყალებისას შეცდომა დაუშვეს და ახლა ამის გადაფარვას ცდილობენ“. როგორც პირველი არხი იუწყება, ჟურნალისტებთან საუბარში კილაძემ აღნიშნა, რომ „გიორგი აბაშიშვილის შეფასება აბსურდულია“.
“კარგია, თუ “ევროპული საქართველო” ამჯერად საღ აზრზე დადგა. ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ რაღაც საკითხებზე აზრთა თანხვედრა იმას არ ნიშნავს, რომ ნაბიჯებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვდგამთ. ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმისთვის აკეთებს, რომ სამწუხარო ფაქტი გადაფაროს. ადამიანს შეცდომის აღიარება ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე უნდა შეეძლოს. შეცდომა დაუშვეს და ამის გადაფარვა იმით უნდათ, თითქოს ჩვენ და “ევროპული საქართველო” ერთ პლატფორმაზე ვართ”, – განაცხადა კილაძემ.