სამართალი
გიორგი მარგველაშვილი - ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება

     საქინფორმი, 17 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბაქრაძემ შეწყალების თხოვნით კომისიას ორჯერ მიმართა და მხოლოდ მეორე თხოვნის შემდეგ მიიღო კომისიამ არა სრული გათავისუფლების, არამედ სასჯელის განახევრების გადაწყვეტილება.
„2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, ამ შემთხვევაში ეჭვმიტანილმა, მაშინ მსჯავრდებულმა, ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ 4 თვე-ნახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო დააპატიმრეს და შემდეგ ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი.
მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც, პირველ რიგში, აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას, აგრეთვე სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მაგალითად მითითებული რამე სულიერი აშლილობის თაობაზე. საქმეს თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ოთხი შვილის მამა იყო. აქვე დავამატებ, რომ თან ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც ჩვენ მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, კითხვები ინტენსიურია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები სრულიად ლეგიტიმურად გაუჩნდა.
რამდენიმე დღეა, საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში მოხდა. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის ფაქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში იქნა შეწყალებული ჩვენ მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები სრულიად ლეგიტიმურად. საზოგადოება ითხოვს ახსნას ამ მოვლენის და ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, კომისიამ პრეზიდენტს ვეფხია ბაქრაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართა.
კომისიამ მომმართა სრული გათავისუფლების თაობაზე, მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომც არ გამენახევრებინა სასჯელი და არ მომეკლო ექვსი თუ შვიდი თვე, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. კომისიამ მე მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. ჩვენ ეს დღეები ამას ვუკვირდებოდით, გამომდინარე იმ განსაკუთრებული სიმძაფრიდან, რომლითაც მე პირადად და კომისიაც ძალადობის შემთხვევებს განიხილავს. განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს, რა სიმძაფრითაც განვიხილავთ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რომელზეც ყველა ფაქტობრივი ინფორმაცია გაგაცანით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.