საზოგადოება
ნატოს გემები რეგულარულად შედიოდნენ ალიანსის არაწევრი ქვეყნების პორტებში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და ფინეთში - მარია ზახაროვა

     საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსეთის საზღვრებთან ნატოს აქტიურობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნატოს მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფები და ალიანსის ქვეყნების გემები რეგულარულად შედიოდნენ ბალტიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების აკვატორიებში და ნატოს არაწევრი ქვეყნების პორტებში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და ფინეთში“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, ნატო ამგვარი მეთოდებით ცდილობს, რუსეთზე სამხედრო ზეწოლისთვის პლაცდარმი შექმნას. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული თავის საზღვრებთან სიტუაციის ესკალაციაში. მოვუწოდებთ ალიანსს, სერიოზულად დაფიქრდეს იმაზე, რომ ამგვარი პროვოკაციული მოქმედებები ევროპაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების დაძაბულობისა და დეგრადაციის გაძლიერებას იწვევს, რითაც საფრთხე ექმნება კონტინენტის ყველა ქვეყნის, მათ შორის ნატოს წევრების უსაფრთხოებას“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.