პოლიტიკა
საქინფორმის პროგნოზი: სააკაშვილი მიხვდა, რომ ევროატლანტიზმის მოდამ საქართველოში გაიარა და ახლა თავს ქართველ პატრიოტად აჩვენებს, რომლებსაც თავისი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში სდევნიდა!

     საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. როგორი შეშლილი და არამზადაც უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, არ შეიძლება, არ ვაღიაროთ მისი ნიჭი პიარის სფეროში, ჩიხური სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნის უნარი და საოცარი ალღო ცვლად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტრენდზე.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ხალხთან უფრო მეტ ურთიერთობას რომ კადრულობდეს და არა მხოლოდ გასვენებებში, დაინახავდა, რომ ვაშინგტონი, სტრასბურგი და ბრიუსელი წარსულს ჰბარდება - ევროატლანტიზმის მოდამ საქართველოში გაიარა, ხალხში ეს უკვე პოლიტიკურ პროვინციალიზმად ითვლება და სარკასტულ სიცილს იწვევს. ქართველ ხალხს სურს, საკუთარი ბედი თბილისში გადაწყვიტოს, ისევ იმეგობროს რუსეთთან და საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს იმ კანდიდატს დაუჭერს, რომელიც აპელირებს ეროვნული ტრადიციული მართლმადიდებლური და არა ევროპული დემოკრატიული ლგბტ ღირებულებებით!
სააკაშვილმა ეს ტალღა ზუსტად დაიჭირა, როდესაც გასულ კვირას თავისი პირველი „პატრიოტული განცხადება“ გააკეთა. ის, ასევე, უეჭველად ისარგებლებს საპარლამენტო უმრავლესობაში პროდასავლურ და პროქართულ ძალებს შორის განხეთქილებით, რათა ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნდეს. დღეს მას მცირე შანსი აქვს - აქაურ „დასავლეთელებს“ ის არ სჭირდებათ, როგორც კონკურენტი, ხოლო პატრიოტულ ძალებს ის მხოლოდ ციხეში ესაჭიროებათ, თანაც - სამუდამოდ, მაგრამ ფორსმაჟორის გამორიცხვა არასერიოზული იქნება.
საქმე ისაა, რომ საქართველოში დღევანდელი მმართველი პარტია დაშლის სტადიაშია - ეს კარგად ესმის ყველას, ვინც უყურა ცკ-ის პირველი მდივნის ჯუმბერ პატიაშვილის ხელმძღვანელობით კომპარტიის დაშლას, შემდეგ ზვიად გამსახურდიას „მრგვალი მაგიდის“, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ და ნაწილობრივ - მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას, რომელიც მთლიანად აშშ-ის მხარდაჭერის, „ოტპორის“ სკოლაგამოვლილი მისი აქტივისტების მრავალწლიანი გამოცდილების, მტკიცე პარტიული დისციპლინისა და მკაფიო სტრუქტურის წყალობით არ დაიშალა. საქართველოში დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას თავისი დამფუძნებლის და ორგანიზატორის - მილიარდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წყალობით ინაჩუნებს, რომელსაც მისი პირმშო ბოლო ხანებში აშკარად ტვირთად აწევს. ის ტვირთია მისი პარტიული ბოსების უნიჭობის გამო, რომლებსაც პარლამენტსა და მთავრობაში უმაღლესი პოზიციები უკავიათ, რომლებიც ნეპოტიზმში ჩაეფლნენ და გამუდმებით კორუფციულ სკანდალებში ეხვევიან ოპოზიციის გასახარად. ივანიშვილს, უეჭველია, თავისი პარტიის „ახალი სახეებიც“ ეზიზღება, რომლებიც ფაქსით შემოაჩეჩეს ვაშინგტონიდან - გამოცდილი ენჯეოელები და სხვადასხვა დასავლური ინსტიტუტების კურსდამთავრებულები - ე.წ. „წინწასულები“, რომელთა ლიდერები არიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე.
ღარიბი მშრომელების შვილი ბიძინა ივანიშვილი კი, რომელმაც მძიმე ბავშვობა და ყრმობა გამოიარა (ივანიშვილის ბიოგრაფია პოლიტიკური რესურსია, რომელიც კრიტიკულ მომენტში „ხალხში გასვლის“ საშუალებას მისცემს და ხალხი მას მოუსმენს და გაუგებს), ცნობილია არა მარტო თავისი საკადრო შეცდომებით - მაგალითად, გიორგი მარგველაშვილის დანიშვნით პრეზიდენტად, დავით უსუფაშვილის - პარლამენტის თავმჯდომარედ, მისი ცოლის თინა ხიდაშელის - თავდაცვის მინისტრად და სხვა, არამედ იმითაც, რომ შეუძლია, მკვეთრად შეიცვალოს პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიები, გუშინდელი ფავორიტები ჩამოიშოროს და ოპონენტებს „პარტიის თამაში“ შესთავაზოს. დღეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისთვის მთავარი (თუ ერთადერთი არა) დაბრკოლება ბიძინა ივანიშვილი გახლავთ, ამიტომ თუ ამ უკანასკნელს საბოლოოდ ყელში ამოუვა პრობლემური საქართველოც, უმადური ქართველებიც, ავტორიტარულ ერთპიროვნულ მმართველობაში ოპოზიციის ბრალდებებიც და უხეიროებიც საკუთარი გარემოცვიდან, შესაძლოა, ხელი ჩაიქნიოს - უჩემოდ იბრძოლეთ და დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოსო!
აი, მერე კი ნამდვილად დადგება ზემოთ ნახსენები ფორსმაჟორი და არავინ იცის - ეს სამოქალაქო ომი იქნება თუ რომელიმე მეზობლის შემოჭრა - ან კეთილი განზრახვით, კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაში დახმარებისთვის და თავისი თანამემამულეების დასაცავად, ანდა საკუთარი „ძირძველი მიწების“ დასაბრუნებლად, რომლებიც საქართველოს ყარსის ხელშეკრულებით 100 წლით სარგებლობისთვის გადმოეცა...


საქინფორმის რედაქცია