პოლიტიკა
სუს-ი - გამოიკვეთა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობენ, გააძლიერონ ლობისტური ჯგუფები, პოლიტიკური გაერთიანებები

     საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა, ე.წ. ლობისტური ჯგუფები, პოლიტიკური გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფონდები, მოახდინონ ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტებით მანიპულირება, – ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.
სუს-ის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული თემების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კომპლექსურად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად. ასევე, იმ პირთა დასადგენად, რომელთა ქმედებებშიც გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები.
საქართველოსა და უცხო ქვეყნებში იდენტიფიცირებულნი არიან პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან. მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენენ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის მოსაპოვებლად. სადაზვერვო სამსახურები მათ ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით ცდილობენ, შეიქმნან ინფორმაციის მოპოვების არხები სახელმწიფო სტრუქტურებში, კომერციულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში.
სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ოპერატიული და ტექნიკური შეღწევის აღკვეთა-გამოვლენის მიმართულებით, საფრთხეებისა და ინფორმაციის გაჟონვის პრევენციაზე, უსაფრთხოების ზომებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლებაზე.
ზემოაღნიშნული მიმართულებით 182 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (ნებართვა ფორმა №4), ხოლო 10 ორგანიზაცია-დაწესებულებას, გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა.
184
ორგანიზაციაში განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების მისაღებად საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმის წარმოების კომისიური შემოწმება.
სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ
შვიდი ათასამდე ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. 900-მდე პირზე განისაზღვრა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი; 500-ზე მეტ პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმის წარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის კუთხით“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 11 საქმეზე. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია ხუთი პირი.
როგორც სუს-ის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე ობიექტების დაცვასა და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის პროცესში, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცებულ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე ცალკეულ სუბიექტებზე ჩატარდა სრულყოფილი შესწავლაშემოწმება.
საფრთხეების გათვალისწინებით, ხორციელდება საქართველოში მოქმედი იმ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცალკეული ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი, რომელთა საქმიანობის სფეროს საიდუმლო პროექტებზე მუშაობა, სამრეწველო და სამხედრო დანიშნულების ნივთიერებების წარმოება, შეძენა, შენახვა, რეალიზაცია, გამოყენება, გადაზიდვა და იმპორტ-ექსპორტი წარმოადგენს“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.