პუბლიკაციები
საქართველოს პროამერიკელ ხელისუფლებს აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაც კი არ წაუკითხავთ, თორემ დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატს არ გააძევებდნენ!

     საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია (United States Declaration of Independence) - ქვეყნის მთავარი ისტორიული დოკუმენტია, რომელშიც ბრიტანულმა კოლონიებმა ჩრდილოეთ ამერიკაში დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. დეკლარაცია პირველი ოფიციალური დოკუმენტი გახდა, რომელშიც კოლონიები „ამერიკის შეერთებულ შტატებად“ იწოდებოდნენ. დეკლარაცია ერთხმად (13 შტატის მიერ) იქნა მიღებული 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატი, მეორე კონტინენტური კონგრესის მიერ. დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების დღეს აშშ-ში აღნიშნავენ, როგორც დამოუკიდებლობის დღეს.
ქვემოთ საქინფორმი მკითხველს, განსაკუთრებით კი - საქართველოს ხელმძღვანელობას უცვლელად სთავაზობს დეკლარაციის ტექსტს, რომელშიც საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორი - აშშ - სრულ დახასიათებას აძლევს დიდ ბრიტანეთს. ნუთუ ამერიკულ ინსტიტუტებში, რომელთა დიპლომები ქართველ ხელისუფალთა მაღალ კაბინეტებს ამშვენებს, მათ აშშ-ისთვის ფუძემდებლური დოკუმენტი არ გააცნეს? თუ იმედი აქვთ, რომ ის „ბნელ“ ქართველ ხალხს არ წაუკითხავს?! მაშ სხვა რით უნდა აიხსნას მათი მოქმედება გასულ ხუთშაბათს, როდესაც დიდ ბრიტანეთთან - ისტორიულ აგრესორთან, ტირანთან და კოლონიზატორთან - სოლიდარობის ნიშნად
საქართველოს ხელისუფლებამ რუსი დიპლომატი გააძევა?!

აშშ-ის
დამოუკიდებლობის დეკლარაცია
„როდესაც კაცობრიობის ისტორიაში ერთი რომელიმე ხალხისათვის აუცილებელი ხდება, დაშალოს ის პოლიტიკური კავშირი, რომელიც მას სხვა ხალხებს უქვემდებარებს და იმისათვის, რომ მან ბუნების კანონისა და ღვთის ბუნებით მონიჭებული უფლების ძალით, მოიპოვოს დამოუკიდებელი და თანასწორი ადგილი დედამიწაზე არსებულ სახელმწიფოთა შორის, კაცობრიობის აზრის მართებული პატივისცემა მოითხოვოს, განაცხადოს ის მიზეზები, რომლებმაც იგი აიძულა ცალკე გამოყოფილიყო. ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორი არსებანი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა; რომ ამ უფლებათა განსამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას ღებულობენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ; რომ, თუ განმგებლობის რაიმე ფორმა ოდესმე ამ მიზნის შემლახავი გახდება, ხალხს ენიჭება უფლება შეცვალოს ან გააუქმოს იგი და შექმნას ახალი მთავრობა. დააფუძნოს იგი ისეთ პრინციპებზე და ისეთი ძალაუფლებით აღჭურვოს, როგორიც, მისი აზრით, ყველაზე ხელსაყრელი იქმნება მისი უსაფრთხოებისა და ბედნიერებისთვის. ჭეშმარიტად, კეთილგონიერება მოითხოვს, არ შეიცვალოს დიდი ხნის ჩამოყალიბებული მთავრობა უმნიშვნელო და წარმავალი მიზეზების გულისათვის, და, ამის შესაბამისად, გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ სანამ ბოროტება გასაძლია, ადამიანები უფრო ადვილად ეგუებიან სიდუხჭირეს, ვიდრე მიჩვეულის მოსპობით ტვირთის შემსუბუქებას. მაგრამ როდესაც გაუთავებელი უსამართლობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მისი გამუდმებით ერთი მიზნისკენ წარმართვა ხალხს აბსოლუტური დესპოტიზმით ემუქრება, მისი უფლება და ვალია ბოლო მოუღოს ამგვარ მთავრობას და აღავლინოს მოღვაწეთა ახალი დასი თავისი მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამგვარი იყო კოლონიების სიდუხჭირე და ამგვარია ამჟამად ის საჭიროება, რომელიც აიძულებს მათ შეცვალონ თავიანთი წინანდელი ხელისუფლების სისტემა, დიდი ბრიტანეთის ახლანდელი ხელმწიფის მართვის ისტორია არის ნუსხა განუწყვეტელი უსამართლობისა და ძალადობისა, რაც განუხრელად მიმართულია ამ შტატებში აბსოლუტური ტირანიის დამყარებისაკენ, ამის დასამტკიცებლად, დაე, წარვუდგინოთ ფაქტები პირუთვნელ ქვეყნიერებას: მან უარი თქვა დაემტკიცებინა მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უაღრესად სასარგებლო და საჭირო კანონები.მან აუკრძალა თავის მთავრობას დაუყოვნებელი და სასწრაფო მნიშვნელობის მქონე კანონების მიღება მისი პირადი თანხმობის გარეშე; და როდესაც მათი გატარება ამის გამო შეჩერდა, მან სრულიად უგულებელყო ისინი. მან უარი თქვა გაეტარებინა მჭიდროდ დასახლებული რაიონებისთვის აუცილებელი სხვა კანონებიც, სანამ აქ მცხოვრები ხალხები უარს არ იტყოდნენ საკანონმდებლო პალატაში წარმომადგენლობის უფლებაზე, უფლებაზე რომელიც ფასდაუდებელია მათთვის და საზარელი - ტირანისთვის. მან მოუხმო კანონმდებელთა საკრებულოს უჩვეულო, მოუხერხებელ და მათი სამოქალაქო დოკუმენტების სანახიდან დიდ მანძილზე დაშორებულ ადგილებში მხოლოდ იმ მიზნით, რომ აეძულებინა ისინი მიეღოთ მისი გადაწყვეტილებები. მან მრავალჯერ დაშალა წარმომადგენელთა პალატები, ვინაიდან ისინი ვაჟკაცური სიმტკიცით აღუდგნენ წინ მის მიერ ხალხთა უფლებების შელახვას. იგი მათი დაშლის შემდეგ დიდხანს აბრკოლებდა ახალი პალატის არჩევნებს, რომელიც ხელშეუვალობით მოსილ საკანონმდებლო უფლებებს სახელმძღვანელოდ დაუბრუნებდა მთელ მოსახლეობას; ხოლო ამასობაში ქვეყანა გარედან შემოსევებისა და შინაგანი უთანხმოების მრავალგვარი საშიშროების ამარა რჩებოდა მიგდებული. იგი შეეცადა ხელი შეეშალა ამ შტატების ფართოდ დასახლებისთვის; ამ მიზნით დაბრკოლებები შეუქმნა უცხოელების გაქვეშევრდომების კანონთა გატარებას; უარი თქვა მიეღო სხვა კანონებიც აქ გადმოსახლების წასახალისებლად და შემოიღო მიწის შესყიდვის დამატებითი პირობები. მან ხელი შეუშალა სამართლიანობის აღსრულებას იმით, რომ არ მისცა თანხმობა დადგენილიყო მოსამართლეობრივი უფლებების დამფუძნებელი კანონ - წესები. მან მოსამართლეების სამსახურის ხანგრძლივობა, მათი გასამრჯელოს ოდენობა და გადახდის ვადა დაუქვემდებარა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ნებას. მან შექმნა უამრავი ახალი წარმომადგენლობა და აქ განაწესა მისი მოხელეების მთელი ხროვა ჩვენი ხალხის შესავიწროვებლად და მათი სახსრების შთასანთქავად. მას მშვიდობიან დროშიც კი ჩვენს კანონმდებლებთან შეუთანხმებლად ჩვენს მიწა - წყალზე განლაგებული ჰყავს რეგულარული ჯარები. მან სამხედრო ძალები სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლა და მასზე მაღლა დააყენა. მან ჩვენი კონსტიტუციისთვის უცხო და ჩვენი სამართლისთვის მიუღებელი კანონმდებლობისთვის ჩვენს დასამორჩილებლად სხვებს დაუჭირა მხარი: მისცა რა თანხმობა მათ ფარისევლურ კანონთა გადაწყვეტილებებს: რათა ჩაეყენებინათ ჯარისკაცთა დიდი რაზმები ჩვენს სახლებში; რათა თვალთმაქცური სასამართლოების მეშვეობით სასჯელისგან დაეცვათ ისინი შტატების ნებისმიერი მოსახლის მკვლელობის შემთხვევაშიც კი; რათა გადაეკეტათ ჩვენი სავაჭრო გზები მსოფლიოს ყოველ ქვეყანასთან; რათა შემოეწერათ ჩვენთვის გადასახადები ჩვენთან შეუთანხმებლად; რათა ხშირ შემთხვევაში არ მოეცათ საშუალება გასამართებულ ვიქნეთ ნაფიცი მსაჯულების მეშვეობით; რათა მოეთხოვათ ჩვენი ოკეანის გაღმა წამყვანი მოგონილი ბრალდებებით პასუხისგებაში მისაცემად; რათა გაეუქმებინათ ინგლისური კანონმდებლობის თავისუფალი სისტემა მეზობელ პროვინციაში. დაეყენებინათ იქ დესპოტური მთავრობა და განევრცოთ მისი საზღვრები მათი საჩვენებელ მაგალითად გადაქცევისა და კოლონიებშიც მსგავსი აბსოლიტური წესების შემოღების მიზნით; რათა ჩამოერთვათ ჩვენი ქარტიები, გაეუქმებინათ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონები და ძირფესვიანად შეეცვალათ ჩვენი საჭირო სხვადასხვა კანონ - წესები. მან გააუქმა აქაური მთავრობა, გამოაცხადა რა იგი კანონგარეშე და აწარმოებს რა ომს ჩვენს წინააღმდეგ. მან დაარბია ჩვენი ზღვები, ააოხრა ჩვენი სანაპიროები, გადაბუგა ჩვენი ქალაქები და სიცოცხლე მოუსპო მრავალ ჩვენგანს. იგი ამჟამად გზავნის უცხოელთა დიდ დაქირავებულ არმიას, რათა დაასრულოს სიკვდილის, განადგურებისა და ტირანიისთვის გამიზნული საქმე, დაწყებული სისასტიკისა და მუხანათობის ისეთი მაგალითებით, რომლის მსგავსი მხოლოდ ყველაზე ბარბაროსულ ხანაში თუ მოიძებნება და სრულიად არ შეეფერება ცივილიზებული ერის ხელისუფლებას. მან აიძულა ჩვენი ტყვედ ჩავარდნილი თანამემამულეები აღემართათ იარაღი თავისივე ქვეყნის წინააღმდეგ, გამხდარიყვნენ ჯალათები თავიანთი მეგობრების და მოძმეებისა, ან თვითონვე დაღუპულიყვნენ მოძმეთა ხელით. მან გამოიწვია შინაგანი არეულობა ჩვენს შორის და სცადა ამ არეულობაში ჩაეთრია ჩვენი საზღვრების მობინადრენი. შეუბრალებელი ველური ინდიელები, რომელთა საომარი კანონი ყველა ასაკის, სქესისა და მდგომარეობის ადამიანების განურჩეველი ჟლეტაა. ამ რეპრესიების ყოველ ეტაპზე ჩვენ უაღრესად მოწიწებული ფორმებით მოვითხოვთ სამართლიანობას. ჩვენ განმეორებით თხოვნებს განმეორებითი შეურაცხყოფით უპასუხეს. ხელისუფალი, რომელიც ყოველი თავისი მოქმედებით ტირანს ემსგავსება, არ შეიძლება იყოს თავისუფალი ხალხის მმართველი. ჩვენ არავითარი უპატივცემულობა არ გამოგვიჩენია ჩვენი ბრიტანელი მოძმეების მიმართ. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ისინი, როდესაც მათი კანონმდებლები ცდილობდნენ ჩვენზე განევრცოთ უმართებულო მართლმსაჯულება. ჩვენ გავახსენეთ მათ ჩვენი აქეთ ემიგრაციის და დასახლების ვითარებანი. ჩვენ მივმართეთ მათს თანდაყოლილ სამართლიანობის გრძნობასა და სულგრძელობას, და შევევედრეთ მათ ჩვენი საერთო წინაპართა სახელით ხელი აეღოთ ამგვარ ძალადობაზე, რომელიც უეჭველად ზიანს მიაყენებდა ჩვენს კავშირსა და ურთიერთობას. მაგრამ ისინი ყრუნი დარჩნენ სამართლიანობისთვის მოწოდებისა და ნათესაური თხოვნის მიმართ. ამიტომ ამ პირობის თანახმად, რომელიც გმობს განხეთქილებას ჩვენს შორის. ვალდებული ვართ განვიხილოთ ისინი, ისევე როგორც დანარჩენი კაცობრიობა, ომში მტრად და მშვიდობიანობაში მეგობრად. ჩვენ, შეერთებული შტატების წარმომადგენლები, სწორედ იმიტომ შევიკრიბეთ სახალხო კონგრესში, რომ ღვთის წინაშე, ჩვენი გადაწყვეტილების სამართლიანობის რწმენით და ამ კოლონიების კეთილი ნების ადამიანების სახელით, ვაღიაროთ და საქვეყნოდ განვაცხადოთ, რომ ეს გაერთიანებული კოლონიები არიან. და სამართლის ძალით უნდა იყვნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი შტატები; რომ მათ აღარ ევალებათ არავითარი ერთგულება ბრიტანეთის ტახტისადმი, და რომ ყოველგვარი პოლიტიკური კავშირი მათსა და დიდ ბრიტანეთს შორის არის და უნდა იყოს გაბათილებული; და როგორც თავისუფალ და დამოუკიდებელ შტატებს, მათ ეძლევათ სრული უფლება გამოაცხადონ ომი, დადონ ზავი, დაამყარონ კავშირი, ივაჭრონ და განახორციელონ ყველა სხვა ნაბიჯი და გადაწყვეტილება, რისი უფლებაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ენიჭებათ. ამ დეკლარაციის განსამტკიცებლად, ღვთის წყალობითა და იმედით, თავდებად ვდებთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს კეთილდღეობასა და პატიოსნებას.“