სამართალი
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა

     საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძე არ იზიარებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომელმაც რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. მისი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ საპარლამენტო ოპოზიციის - სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ და მისგან დაკვირტული „ევროპული საქართველოს“ ჭკუაზე გაიარა.
“სერგი კაპანაძემ მოითხოვა, მე როგორც ვიცი, და ჩვენი ხელისუფლება ისევ აჰყვა. მე ვფიქრობ, რომ რასაც ითხოვს ჩვენი ოპოზიცია, ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო. დიპლომატის გაძევებაც სოლიდარობის ის არის... თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, უნდა მიგვეღო იქამდე, ვიდრე სერგი კაპანაძე განაცხადებდა ამაზე და შემდეგ მის ჭკუაზე სიარული, მე ვფიქრობ, სიკეთეს ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს. თუ ბოლომდე გადავჭრით ყველა მოლაპარაკების ფორმატს, ჩვენს მოსახლეობას რას ვუშვებით. ვიცი, რომ 700-800 ათასი მოქალაქეა რუსეთში, იმათ ხომ სჭირდებათ რაღაც. ახლა ის კავშირიც რომ გავწყვიტოთ, რომელიც შვეიცარიის მეშვეობით გვაქვს, ვფიქრობ, საკუთარ მოსახლეობას სირთულეს შევუქმნით და რუსებს კიდევ პრაქტიკულად ვერაფერს დავაკლებთ…”, - აცხადებს ჭიჭინაძე.