საზოგადოება
ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ აღიქვამს, სად გადის ზღვარი ვიწროპარტიულ ინტერესსა და ქალაქის ინტერესებს შორის! - კახი კალაძე

     საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე, სადაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა მიმდინარეობს, დედაქალაქის მაჟორიტარი დეპუტატები არიან მიწვეული, თუ ოპოზიცია არ არის, ეს მათი პრობლემაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის მიზნით დედაქალაქის მერი კახი კალაძე და მერიის წარმომადგენლები თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომიტეტის წევრებს, პარლამენტში თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეხვდა. ოპოზიცია აპროტესტებს, რომ შეხვედრაზე მათი წარმომადგენლები არ მიიწვიეს.
ჩვენ გვქონდა სურვილი, საკრებულოს ოპოზიციაც ყოფილიყო შეხვედრაზე, თუმცა, რეალურად მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. ელემენტარულად კითხვას ვერ სვამენ დოკუმენტთან დაკავშირებით, ელემენტარულად არ გაცნობიან ამ დოკუმენტს, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმეჯერ მივმართეთ, ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ფორმირების პროცესში, რომელიც დედაქალაქმა უნდა მიიღოს. მათ ეს არ ისურვეს, გასაგებია, რატომაც“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია, როცა ოპოზიცია გენგეგმის საჯარო განხილვის ჩაშლასა და დებოშის მოწყობას ცდილობდა.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვას სასტუმრო „ბილტმორში“ დოკუმენტზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები, მერობის ყოფილი კანდიდატები, ურბანისტები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დაპირისპირება მოხდა.