სამართალი
ქართული მხარე გაეროს უშიშროების საბჭოში ოკუპირებულ რეგიონებსა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ისაუბრებს

     საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. 2018 წლის 28 მარტს ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების ინიციატივით, გაიმართება ღია დებატები თემაზე: კოლექტიური ქმედება გაეროს სამშვიდობო ოპერაციების გასაუმჯობესებლადგავლენისა და ეფექტიანობის გაზრდის მხარდაჭერა დღევანდელ რთულ და მაღალი რისკის შემცველ გარემოში“.
დებატების მიზანი გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ეფექტიანობის ამაღლებისა და ამ კუთხით, პროცესის ყველა მონაწილის (მისიების მასპინძელი ქვეყნები, რეგიონული ორგანიზაციები, უშიშროების საბჭო, წევრი ქვეყნები, მათ შორის, ქვეყნები, რომელთა სამხედრო და საპოლიციო შენაერთები მონაწილეობენ გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში, და გაეროს სამდივნო) ჩართულობის გაუმჯობესების შესაძლო გზების განხილვაა.
ღია დებატებში მონაწილეობას მიიღებს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. ქართული მხარე თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს გლობალური უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის გაეროს სამშვიდობო ოპერაციების მნიშვნელობასა და დღევანდელი გამოწვევების გამკლავების მიზნით სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდება სამშვიდობო ოპერაციებისათვის ცხადად განსაზღვრული, რეალისტური და კონტექსტისათვის შესაბამისი მანდატების მნიშვნელობაზე.
ამ კუთხით საქართველო ილაპარაკებს თავისი გამოცდილების შესახებ, როდესაც 2009 წელს საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიას (UNOMIG) მანდატი შეუწყდა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის – რუსეთის – ვეტოს გამო, რამაც გაეროს ისტორიაში ძალიან საშიში პრეცედენტი შექმნა. განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, ქართული მხარე ილაპარაკებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.