უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება - ბრიტანეთი ვერ უზრუნველყოფს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას, ამის მაგალითია პატარკაციშვილი და ბერეზოვსკი

     საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება თავის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და ამის მაგალითად პატარკაციშვილისა და ბერეზოვსკის გარდაცვალება მოჰყავს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ბრიტანეთის ხელისუფლება სისტემატურად ავლენს თავის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის უუნარობას. ამის აშკარა მაგალითებია, კერძოდ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ა.ლიტვინენკოს მოწამლვა, გაურკვეველ გარემოებებში რუსი ბიზნესმენების ბ. პატარკაციშვილისა და ა. პერეპელიჩნის გარდაცვალება, ბ. ბერეზოვსკის საიდუმლოებით მოცული „თვითმკვლელობა“ და მისი საქმიანი პარტნიორის ნ. გლუშკოვის გაგუდვა, და ბოლოს, ს.სკრიპალისა და ი. სკრიპალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე თავდასხმა“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ლონდონმა საერთაშორისო სამართლის ნორმები და ეთიკა უგულვებელყო, როდესაც „ყოველგვარი მტკიცებულებების წარდგენისა და მომხდარის კონკრეტული სურათის დახატვის გარეშე, ლონდონმა რუსეთი საკუთარი მოქალაქეების მოწამლვაში დაადანაშაულა“.
„ყველა გარემოს ერთობლიობის ანალიზი მეტყველებს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება არ არის დაინტერესებული სოლსბერიში მომხდარი დანაშაულის ნამდვილი მოტივების გარკვევითა და შემსრულებლების დადგენით და გვაფიქრებინებს ამასთან დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების შესაძლო კავშირზე. თუ რუსულ მხარეს საწინააღმდეგოს დამაჯერებელ მტკიცებულებებს არ წარუდგენენ, ჩავთვლით, რომ უმსხვილესი პოლიტიკური პროვოკაციის შედეგად საქმე გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეზე თავდასხმასთან. ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ისტორიაში მტკიცებულების ტვირთი სწორედ ბრიტანულ მხარეს ეკისრება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთი ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამლვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
შეგახსენებთ, სერგეი სკრიპალის მოწამლვის შემდეგ, ბრიტანელმა დეპუტატებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისგან საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 14 ადამიანის, მათ შორის ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების განახლება მოითხოვეს.

1tv.ge