პოლიტიკა
ხშირად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ეფექტიანი არ არის, აცხადებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი

     საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. სამწუხაროდ, ხშირად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ეფექტიანი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარი შეფასებების გაკეთება გაუჭირდება, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს შეხვედრამ.
ჟენევის მოლაპარაკებები, როგორც იცით, ჩვენთან ოკუპაციის თემებზე სასაუბროდ მთავარი ფორმატია. სამწუხაროდ, ხშირად ეფექტური არ არის ხოლმე ეს ფორმატი. თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, მაქსიმალურად გაიზარდოს ამ ფორმატის ეფექტიანობა, რასაც მივესალმები. ვნახოთ, ტატუნაშვილის საქმის შემდეგ ეს პირველი შეხვედრაა, ამიტომ წინასწარ განცხადებების გაკეთება გამიჭირდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ამ ფორმატისგან”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების შემუშავებას დაეთმობა. დოკუმენტზე მუშაობა მეექვსე წელია, მიმდინარეობს. როგორც ქართული დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში ტექსტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გარკვეული წინსვლა შეინიშნებოდა.