საზოგადოება
ამ ეტაპზე ბინები გადაეცემათ აჭარაში რეგისტრირებულ იმ დევნილებს, რომლებსაც დღემდე არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ - სოზარ სუბარი

     საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ბათუმში იმ დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო, რომლებსაც სახელმწიფო ბინებს შემოდგომაზე, ტაბიძის ქუჩაზე მშენებარე 16-სართულიან კორპუსში გადასცემს. მშენებარე სახლში 164 დევნილი და 208 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს.
რეგისტრაციის დაწყების პროცესს ბათუმში უშუალოდ გაეცნო დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.
რეგისტრაციის გავლის სურვილი აქვთ იმ დევნილ ოჯახებსაც, რომლებსაც 2006 წელს 7000 დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადასცეს. მათი ნაწილი ირწმუნება, რომ საცხოვრებლის შეძენა იმ პერიოდში გაზრდილი ფასების გამო ვერ მოახერხეს.
სოზარ სუბარის განცხადებით, რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანის უფლება აქვს ყველას, თუმცა ბინები მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემა, ვისაც დღემდე არანაირი კომპენსაცია არ მიუღია.
განაცხადების შემოტანა ყველას შეუძლია, მათ მდგომარეობას გავეცნობით, თუმცა ამ ეტაპზე ბინები გადაეცემა მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებულ იმ დევნილებს, რომლებსაც არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ, ყველამ ვიცით, 2006 წელს როგორ იძულებით გამოასახლეს ბათუმის სასტუმროებიდან დევნილები, თუმცა მათმა ნაწილმა ნებით და ნაწილმა იძულებით მიიღო რაღაც კომპენსაცია მაინც. სამომავლოდ, შესაძლებელია, მათი მდგომარეობა ინდივიდუალურად შევისწავლოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ბინებს მათ ვერ გადავცემთ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
აჭარაში რეგისტრირებული დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 5 აპრილს დასრულდება.