პოლიტიკა
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიამ“, შესაძლოა, წერტილი დაუსვას რუსი პარლამენტარების კონტაქტებს ქართველ კოლეგებთან - ლეონიდ კალაშნიკოვი

     საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ეგრეთ წოდებული პარლამენტთაშორისი რუსულ-ქართული ჯგუფის მუშაობის გადახედვით დაიმუქრა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 21 მარტს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“, რომელიც, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაზე - ისეთების, როგორიცაა გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების მცხოვრებთათვის მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ სასაფლაოებზე მისვლის ნებართვა. ამ საკითხებს ლობირებდნენ მოსკოვში ლეონიდ კალაშნიკოვთან წინა შეხვედრებზე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები - პარტიის, რომელსაც საქართველოში კრემლის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევენ და რომლის საპარლამენტო ფრაქცია ზემოთ მითითებული რეზოლუციის მისაღებ კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
რუსულ-ქართული მეგობრობის პარლამენტთაშორის ჯგუფს მუშაობა ამ წლის აპრილში უნდა განეახლებინა. საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის გიორგი ლომიას თქმით, ამ ჯგუფის პირველსავე შეხვედრაზე პარლამენტარებს „პატრიოტთა ალიანსიდან“ განზრახული ჰქონდათ, შეეთავაზებინათ თბილისში საგანგებო სამმხრივი ფორუმის „რუსეთი-საქართველო-ნატოს“ ორგანიზება, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებით მოსკოვის აშკარა უკმაყოფილების ფონზე თბილისის ნატოში შესვლის სურვილზე მსჯელობისათვის.