სამართალი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს

     საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. „ჩვენ თითქოს გენეტიკურად მზად ვართ ასეთი ტრაგედიებისთვის. დღეს, როდესაც ტატუნაშვილზე იყო საუბარი, სულ მახსენდებოდასტუმარ-მასპინძელი“. ზვიადაური არის სიმბოლო გაუტეხელი ქართველის, რომელიც იქ უნდა მოკლან, მტრის ტერიტორიაზე და ამისთვის გენეტიკურად თითქოს მზად ვართ და ასეთ ქმედებები თითქოს გვაძლიერებს. მთელი საზოგადოება შეიკრა. აქ არ იყო განსხვავება ჩვენში. არ იყო ცალკე ხელისუფლება, ცალკე ოპოზიცია, ცალკე მთავრობა. ყველანი ვიყავით გაერთიანებულები ამ ტკივილით. ოჯახი, რომელსაც ამხელა ტკივილი მიადგა და ეს ტკივილი გრძელდებოდა ამ დღეების განმავლობაში, მარტო არ იყოს დატოვებული არა მარტო თავისი თემის მიერ, არამედ მთელი საზოგადოების მიერ და ჩვენ ამ ერთიანობაში გავძლიერდით. ვფიქრობ, რომ ის მიზანი, რომელიც იყო დასახული ჩვენი მტრის მიერრომ ნეშტის არ გადმოცემით მოეყენებინა ჩვენთვის მეტი ტკივილი, გარკვეულწილად მცდელობა იყო იმისა, რომ შეურაცხმყოფელი ყოფილიყო ეს ყველაფერი, მცდელობა იყო იმისა, რომ ამას რაღაც ძვრები გამოეწვია საზოგადოებაშიჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად არ გამოუვიდათ. ჩვენ ყველა ერთად ვიყავით და დღესაც ერთად ვგლოვობთ, ჩვენს საერთო ქვეყნის ტკივილს განვიცდით. ვფიქრობ, აქაც მოვიგეთ და წინ წავიწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ტკივილი მოგვაყენეს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა იმ ერთსულოვნებას, რომელიც პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციასთან მიმართებაში გამოიჩინა.
მივესალმები და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მნიშვნელოვანი იყო სწორედ ის, რომ აქ არ ყოფილიყო ერთპარტიული პოზიცია, არამედ ყოფილიყო მრავალპარტიული ერთობა. ეს ერთობა ასეთ საკითხებში მისაღწევია და მივესალმები, რომ ეს იქნა მიღწეული, თუმცა არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს საბოლოო წერტილი ამასთან მიმართებით. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვაჩნია კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და მიმაჩნია, რომ საქართველომ ეს მექანიზმი უნდა გამოიყენოს. ეს არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სწორედაც რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ამ საკითხის წამოწევა და სარჩელის შეტანა. ასეთი თვალსაზრისით ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ერთ საერთაშორისო მექანიზმს, საერთაშორისო ბერკეტს იმისთვის, რომ რუსეთი, როგორც ეფექტური ხელისუფლების განმახორციელებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იყოს ამ თემაში მოპასუხის როლში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთი სარჩელი იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს.