სამართალი
„ყველა, ვინც საქართველოდან ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიაში ქურდობისთვის ჩამოდის, უნდა ელოდოს დეპორტაციას!" - გუშინ გერმანიიდან 53 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა

     საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. გერმანიიდან ქართველების დეპორტაციის მიზნით სპეცოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, 53 ადამიანის დეპორტაციის მიზნით დაწყებულ ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო.
როგორც მედია იტყობინება, მოქალაქეთა ნაწილი დეპორტაციის თავიდან აცილების მიზნით ტყეში იმალებოდა. მათ შორის 42 პირი ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ორ ცენტრში ცხოვრობდა. მათ იძულების წესით დაატოვებინეს გერმანიის ტერიტორია.
გერმანულ მედიასთან საუბრისას ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის ლტოლვილთა მინისტრმა იოაჰიმ სტამპმა განაცხადა, რომ ოპერაცია მიზნად ისახავს კრიმინალებისა და ქურდობაში ეჭვმიტანილების გაძევებას.
ყველა, ვინც საქართველოდან ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიაში ქურდობისთვის ჩამოდის, უნდა ელოდოს დეპორტაციას”, – განაცხადა მინისტრმა.
ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრ ჰერბერტ როილის თქმით, მსგავსი ოპერაცია არის გზავნილი იმ პირებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს გერმანიის სტუმართმოყვარეობას.
მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი პირების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი მოქმედებს და მათი დეპორტაცია გარდაუვალია“, – განაცხადა მინისტრმა.
პარალელურად, გერმანული Bild იტყობინება, რომ გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 26 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით კავკასიელი კრიმინალების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა.
გამოცემის ცნობით, ამ ხნის განმავლობაში მესაზღვრეებმა გერმანიის სხვადასხვა აეროპორტში ჩასული საქართველოს 231 მოქალაქე შეამოწმეს. მათგან 59-ს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს და იძულების წესით დააბრუნეს სამშობლოში.