აქტუალური
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის 1,1 მლრდ ევრო გამოიყოფა

     საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) და ევროკავშირი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებენ. ამ მიზნით, „ევროკავშირი ბიზნესისასთვის“ პროგრამის ფარგლებში, სამივე ქვეყნისთვის საკრედიტო ხაზებისა და ვაჭრობის დაფინანსებისთვის 1,1 მლრდ ევრო გამოიყოფა, ხოლო ევროკავშირის გრანტებისთვის - 58,3 მილიონი ევრო.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, პროგრამა „ევროკავშირი ბიზნესისასთვის“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერა ხელი. დღეის მდგომარეობით, უკვე 100-მდე კომპანიამ ისარგებლა აღნიშნული საკრედიტო ხაზით.
„180 მლნ ლარზე მეტის დაბანდება გაკეთდა ამ მიმართულებით. ჩვენ 7000 ახალ სამუშაო ადგილს ვითვლით, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს და ეს არის 1,1 მლრდ ევრო, რომელიც განაწილდება სამ ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, პროგრამა ისეა შედგენილი, რომ დანარჩენი დამოკიდებულია უშუალოდ დასახელებულ ქვეყნებზე, პროექტებზე, საკრედიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებსაც ქვეყნები შექმნიან.
ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც ყოველთვის, იქნება ლიდერი. შევთავაზებთ ჩვენი კომერციული ბანკებისა და ინვესტორების მეშვეობით, მაქსიმალურად ასათვისებელ პროექტებს და, შესაბამისად, მაქსიმალურ სარგებელს მივიღებთ, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერას განცხადებით, საქართველოს ბენეფიციარი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვს, გათვალისწინებული თანხიდან დიდი წილი მიიღოს. მისი თქმით, გარკვეული ტრანშის გამოყოფა უკვე მოხდა, ლაპარაკია საკრედიტო ხაზზე მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით. პირველ ეტაპზე ეს იყო „საქართველოს ბანკის“ ჩართულობით, შემდეგ ეტაპზე კი მოლაპარაკება „თიბისი ბანკთან“ წარმოებდა.
ძირითადად ხდება დაფინანსება იმ საწარმოების, რომლებიც მდებარეობს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. დაახლოებით 50%-იანი გადანაწილება არის ამ საწარმოების. გარკვეული პროექტების დაფინანსება დაწყებულია. 15-20 შეთანხმება უკვე გაფორმებულია ამ კომპანიების და უკვე მიწოდებულ იქნა გარკვეული ფინანსური დახმარება. ასევე, შემუშავდა საწარმოების განვითარების და ტექნიკური გადაიარაღების გეგმები. პრაქტიკულად, ახლა ლაპარაკია მეორე ფაზაზე, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 150 მლნ იქნება გამოყოფილი. უნდა ითქვას, რომ ბენეფიციარი ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე მეტი შანსი აქვს, ყველაზე უფრო დიდი წილი მიიღოს დახმარების, რადგან უფრო აქტიურად და კარგად ახორციელებს ამ პროცესს. ამიტომ, ალბათ, ძირითადი აქცენტი საქართველოზე იქნება“, – განაცხადა ბალვანერამ.