პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ჟენევაში მიღებული იქნება „პოლიტიკური განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, რომელიც „არ ათავისუფლებს რუსეთს ძალის გამოუყენებლობის შესახებ 2008 წლის იურიდიული ვალდებულებების დადასტურებისგან“

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 2018 წლის 27-28 მარტს გაიმართება. სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ მომავალ კონსულტაციებზე ჟენევაში, შესაძლოა, მიღწეული იქნეს „დიდი ხნის ნანატრი გარღვევა - საქართველო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, რუსეთი და აშშ, აგრეთვე კონსულტაციების თანათავმჯდომარეები - ევროკავშირი, გაერო და ეუთო - ამზადებენ ერთობლივ დეკლარაციას რეგიონებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ“.
ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში დაიწყოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე მსჯელობა, რაც აქამდე ვერ ხერხდებოდა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტის შესაბამისად. ამის საჭიროება ყველასთვის ნათელია, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
ამ მიზნის მისაღწევად გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯად ჩვენ, მათ შორის, განვიხილავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეთა მიერ მისაღებ პოლიტიკურ განცხადებას ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რომელზეც წლებია, მიმდინარეობს მუშაობა. ეს განცხადება, რა თქმა უნდა, არ ათავისუფლებს რუსეთის ფედერაციას ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულების დადასტურებისგან", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ.
როგორც ცნობილია, საქართველო უკვე წლებია, უარს ამბობს აფხაზეთთან და ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რადგან ეს სამართლებრივად მათ ხელშეკრულების მხარეებად, ცალკე სუბიექტებად - დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებად მიაჩნია. საქართველო მზადაა, ხელი მოაწეროს ამგვარ შეთანხმებას რუსეთთან, რომელიც უარს ამბობს, რადგან თავს კონფლიქტის მონაწილედ არ მიიჩნევს.