საზოგადოება
მან მკითხა, ხომ არ იცი, რატომ არ არის ამდენი ხანი დეკანოზი შეწყალებულიო - ნიკა გვარამია პატრიარქთან შეხვედრის დეტალებს ყვება

     საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. დარწმუნებული ვარ, როგორც პროფესიონალი იურისტი, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის უდანაშაულო“, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „შაბათის კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მან საპატრიარქოში ვიზიტის შესახებ ილაპარაკა, როდესაც ილია მეორეს შეხვდა და ე.წ. ციანიდის საქმეზე ისაუბრეს.
მან მითხრა, რომ არ ვიცი ბოლომდე ეს საქმე, იმიტომ რომ ბევრი ახსნა და სიმართლე მივიღე, ბევრი პოზიცია მოვისმინე და მაინტერესებს, შენ რას ფიქრობო. მე ვუთხარი, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი უდანაშაულოა-მეთქი. შემდეგ მომაყოლა, რატომ მგონია, რომ უდანაშაულოა. ვუთხარი, რომ ვაპირებ პრეზიდენტთან საუბარს, მისვლას, შეხვედრის თხოვნას და საუბარს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. მან მკითხა, ხომ არ იცი, რატომ არ არის ამდენი ხანი დეკანოზი შეწყალებული, რაზეც ვუთხარი, რომ არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ვაპირებ პრეზიდენტთან საუბარს. მითხრა, რომ თუ მე დარწმუნებული ვარ ჩემს პოზიციაში და ვთვლი საჭიროდ, რომ უნდა მივიდე, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო, და მე ამას გავაკეთებ, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, საპატრიარქოში შეხვედრა ერთობლივი სურვილით შედგა.
მე არსად მითქვამს, რომ პატრიარქმა დამიბარა. ეს იყო საერთო სურვილი ერთგვარად. არავისთვის მითხოვია, რომ, გინდა თუ არა, უნდა მიმიღოთ. მზად ვარ ყოველთვის პატრიარქთან შესახვედრად. იყო შემთხვევები, როცა მე ვთხოვე შეხვედრა, იყო შემთხვევები, როცა მე მთხოვდნენ მისვლას. მე პატრიარქის მრევლი ვარ და მისი საპატრიარქოში მიწვევა ჩემთვის დიდი პატივია, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, გვარამიამ აღნიშნა, რომ პატრიარქთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომელთა თანდასწრებით მას საუბარი არ სურდა.
თანმხლები პირები ჩემი მხრიდან იქ არ იყვნენ, ერთადერთი დაცვა მახლდა. იქ დამხვდნენ ადამიანები, რომელთან საუბრის სურვილი მე არ მქონდა, ყველას არ ვგულისხმობ. მე მათი თანდასწრებით არ ვაპირებდი პატრიარქთან გასაუბრებას. ის ადამიანები, ვინც იქ იყვნენ, მათ შორის არიან ფიგურანტები იმ საქმეში, რომლის გამოც გიორგი მამალაძე ციხეში იმყოფება, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.