პოლიტიკა
საქართველოს აშშ-ის კონგრესიდან ძალიან ძლიერი და ორპარტიული მხარდაჭერა აქვს - იან კელი

     საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.
პირველ რიგში გეტყვით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა ძალზე წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში. მას ჰქონდა შეხვედრები კონგრესის წარმომადგენლებთან, ექსპერტთა საზოგადოებასთან და ასევე თეთრ სახლში უსაფრთხოების წარმომადგენელთან.
მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან. მე, როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი, ვიმედოვნებ, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება“, - განაცხადა იან კელიმ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში კვლევით ცენტრ Heritage Foundation-ს ესტუმრა და ცენტრის წარმომადგენლების წინაშე აშშ-ში ვიზიტისას წამოჭრილი საკითხებისა და საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ ილაპარაკა.
საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, რაც მოახდენს ყველა დღეს არსებული და პრაქტიკული ინსტრუმენტის კონსოლიდაციას და გააძლიერებს საქართველოს დაცულობას, დაეხმარება მას მიზნების მიღწევაში.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-სთან საქართველოს განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს.