არნო ხიდირბეგიშვილი: ჯორჯიაში, სადაც აკადემიკოსი ჯაველიძის არ სჯერათ და „ჯაველინების“ იმედზე აქვთ, საგარეო საქმეთა მინისტრად ჯანელიძე ჰყავთ, იმიტომ რომ ჯანზე ვერ არიან!
პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ჯორჯიაში, სადაც აკადემიკოსი ჯაველიძის არ სჯერათ და „ჯაველინების“ იმედზე აქვთ, საგარეო საქმეთა მინისტრად ჯანელიძე ჰყავთ, იმიტომ რომ ჯანზე ვერ არიან!

     „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი „ასავალ - დასავალთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მთავარ შეკითხვებს უპასუხებს, რომლებიც ბოლო დღეებში ქართველი საზოგადოების განსჯის და ცხარე კამათის საგანი გახლავთ.

- ბატონო არნო, დავიწყებ არა მარტო ბოლო ათი დღის, არამედ, თამამად ვიტყვი, ბოლო ათი წლის ორი მთავარი მოვლენით. საქართველოს ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის სახით 10 წლის განმავლობაში პირველად 08.08.08. ომის შემდეგ რუსეთს ოკუპანტი არ უწოდა, არამედ პრინციპები დათმო, მის უმაღლეს ხელმძღვანელობას მიმართა და „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით“ მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, რაც მოსკოვში „კმაყოფილებით აღნიშნეს“. ქართველმა პრემიერმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის („აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“ - შეუსწორეს მოსკოვში) და დაჰპირდა, რომ რუსეთის მხრიდან „პოლიტიკური ნების“ არსებობისას საქართველომ, შესაძლოა, „სხვა გონივრული ნაბიჯებიც“ გადადგას.

ეს 9 მარტს მოხდა, ხოლო მეორე დღეს, 10 მარტს, მომავალი თაობების ბედზე წუხილი უკვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გამოხატა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასთან და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას. „ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას...“, - დაიჩივლა პატრიარქმა და შედარებისთვის მოიყვანა „ლოდი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ“.

საქართველოს მთავრობის მეთაურის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის სენსაციური განცხადებები ერთმანეთს განა შემთხვევით დაემთხვა?

- შემთხვევით არა. ალბათ, კვირიკაშვილი დილაადრიან საბავშვო ოთახში რომ შევიდა და თავისი უშფოთველად მძინარე შვილები დაინახა, შეძრწუნდა, რომ რუსები, აფხაზები, ოსები მათი მტრები საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო იქნებიან. პატრიარქი კი დიდი ხანია, ქართველი ახალგაზრდობის ბედით შეწუხებულია, ამიტომაც მონათლა 33 ათასზე მეტი ბავშვი და საპატრიარქოსთან ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი გახსნა. შეუძლებელია, ქართველი ერის სულიერ მამას არ აღელვებდეს მოზარდებს შორის იარაღის ტრიალის და მკვლელობის, ნარკომანიის, პროსტიტუციისა და სუიციდის გახშირებული ფაქტები, ამიტომ მისი ნათლულების მისიაა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და რწმენის „ჯვაროსნები“ გახდნენ.

თუმცა პრემიერისა და პატრიარქის სინქრონული განცხადებების რეალური მიზეზი გახლავთ არა ქვეყანაში კრიმინოგენური და დემოგრაფიული ვითარების გაუარესება ან აგვისტოს ომის მოახლოებული 10 წლისთავიც კი, არამედ „რუსული გაზაფხული“, რომელიც 1 მარტს პუტინმა გამოაცხადა. კვირიკაშვილი და ილია მეორე მიხვდნენ, რომ რუსეთს მიუფურთხებია საქართველოს მოკავშირეების - აშშ-სა და ნატოსთვის, იმიტომ რომ ახალ, მათთვის მიუწვდომელ სტრატეგიულ იარაღს ფლობს, რომელსაც ნებისმიერი აგრესორის რამდენიმე წუთში განადგურება შეუძლია.

იბადება კითხვა: დაუბრუნებენ თუ არა ახლა ქართველ გადასახადის გადამხდელებს 100 მილიონ დოლარზე მეტს, რომლებიც ამერიკულ ნაგავ „ჯაველინებში“ გადაყარეს? მიეცემიან თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მაღალჩინოსნები, რომლებმაც მათი შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს? ჰქონდა თუ არა ადგილი „ატკატს“ და როდემდე იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაცვის მუხლები დახურული ქართველი ხალხისთვის, რომელმაც არ იცის - რისთვის იხდის ფულს?! შეიძლება თუ არა ახლა ამ მოძველებული, რუსეთის წინააღმდეგ უსარგებლო იარაღის თუნდაც ნახევარ ფასად გაყიდვა? და ამავე დროს - აგებენ თუ არა პასუხს საქართველოს თავდაცვის მინისტრები, რომლებმაც ქართული თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსი გაანადგურეს, რომელიც „ჯაველინებზე“ გაცილებით ეფექტიან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს უშვებდა, თანაც - კაპიკებად?!

სინამდვილეში რამდენი მილიონი ევრო გადაიყარა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსეთის წინააღმდეგ უსარგებლო ფრანგულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე? აგებენ თუ არა პასუხს საქართველოს თავდაცვის მინისტრები, რომლებმაც მათი შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს? ვინ დაუბრუნებს ამ ფულს ქართველ ხალხს - ალასანია, ხიდაშელი, იზორია? და ამ სამიდან რომელმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს სამხედრო ავიაცია და ფლოტი არ სჭირდება და ქართულ არმიაში მოსპო სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ფლოტი, როგორც შეიარაღებული ძალების სახეობები?

რატომ დაითხოვეს ყველა გამოცდილი სამხედრო, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ავღანეთში ნატოს დაქირავებული ჯარისკაცების მოსამზადებელ სასწავლო ბაზად გადაქცეულ ქართულ არმიაში არსებული კატასტროფული მდგომარეობით? თან ამავე დროს შემოიტანეს მომავალი ომისათვის საქართველოს მოსახლეობის მომზადების ძვირად ღირებული, მაგრამ უსარგებლო პროექტი - საყოველთაო სამხედრო რეზერვის ეგრეთ წოდებული ანაზღაურებადი სისტემა ნატოს ზოგიერთი ქვეყნის მაგალითით? განა 2008 წლის აგვისტოს მწარე გამოცდილებამ არ დაგვანახვა იმ რეზერვის „საბრძოლო შესაძლებლობები“, რომლის ანაზღაურება კვლავ ქართველ გადასახადის გადამხდელებს მოუწევთ? ნუთუ აშშ სერიოზულად ამზადებს საქართველოს რუსების, აფხაზებისა და ოსების წინააღმდეგ ომისთვის?! როდემდე შეიძლება, თავი იდიოტებად მოვაჩვენოთ - ვითმინოთ და ფული ვიხადოთ ამ მარაზმში, რომლითაც „ვიღაც“ ზღაპრულად მდიდრდება?!

- იქიდან გამომდინარე, რაც ილაპარაკეთ, როგორც ჩანს, პრემიერისა და პატრიარქის განცხადებებს დადებითად აფასებთ?

- კარგია, რომ კვირიკაშვილმა და ილია მეორემ პუტინის მესიჯი გაიგონეს. დასანანია, რომ ისინი ბოლომდე არ მივიდნენ და არ დაასახელეს ნამდვილი მიზეზი საფრთხისა, რომლის წინაშე დღეს საქართველო აღმოჩნდა. ეს კი ნიშნავს, რომ „ქართულ გაზაფხულამდე“ ჯერ შორსაა...

პატრიარქი სრული სიმართლის თქმას ერიდება, რათა საზოგადოებაში დაპირისპირება არ გამოიწვიოს. განრისხებულმა ქართველმა ხალხმა მისი სიტყვები, შესაძლოა, დიდი ხნის ნანატრ კურთხევად აღიქვას ლიბერტარიანულ უმცირესობასთან და დასავლეთის ემისრებთან ანგარიშსწორებაზე, რაც, თავის მხრივ, აშშ-ის რისხვას გამოიწვევს, რომელიც საქართველოში მორიგი „ფერადი რევოლუციის“ პროვოცირებას მოახდენს და პატრიარქს მოწამლავს. ეს ქართული სახელმწიფოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასასრული იქნება, რომელსაც ვაშინგტონის დასმული, მაგალითად, მეუფე გრიგოლი, იაკობი ან სხვა პოლიტ-მიტროპოლიტი ჩაუდგება სათავეში, დღეს ხელფასის ასაღებად სახელმწიფო დეპარტამენტში ან ნატოში რომ დაფრინავს.

პრემიერ კვირიკაშვილს კი, როგორც ჩანს, მცდარი წარმოდგენა აქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და ქართველების მიმართ აფხაზებისა და ოსების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ინფორმირებული არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს მთავრობაში ანალიტიკოსები და ექსპერტები არ არიან, ხოლო პრესსამსახური აფხაზურ და ოსურ მედიას და სოცქსელების გვერდებს არც კი ეცნობა. ჩვენი დიპლომატები, დარგობრივი მინისტრები და მრჩევლები არაკომპეტენტური ჭორიკნები არიან, რომლებსაც მინიმალური რესურსიც კი არ გააჩნიათ, რომ სოხუმთან და ცხინვალთან ელემენტარული კომუნიკაცია დაამყარონ. მათი ბექგრაუნდი აფხაზების და ოსების უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს იმიტომ, რომ ისინი დასავლეთის გავლენის აგენტები არიან, ზოგი მათგანი კი სააკაშვილის დროსაც მაღალი თანამდებობის პირი იყო.

ამიტომ კვირიკაშვილი ილუზიებშია და ვერც კი წარმოუდგენია - რა სირთულეებთან მოუწევს შეჯახება. მაგალითად, ჟენევაში მისი მონაწილეობით პირველსავე შეხვედრაზე აფხაზური და ოსური მხარეები ულტიმატუმს წაუყენებენ - ან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, ანდა ჩვენ ამ უსარგებლო მოლაპარაკებას დავტოვებთო!

თუმცა, არ შემიძლია, არ ვაღიარო, რომ რუსეთის ხელმძღვანელობისადმი მიმართვით გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობაში თავისი ნულოვანი რეიტინგი აიმაღლა. ეს მისი უკვე მეორე ორიგინალური პიარსვლაა, პირველი იყო, როდესაც ის მთელი პარლამენტის თვალწინ აგინებდა ნიკა მელიას და მის საცემრად იწევდა. მაგრამ თუ კვირიკაშვილი საბოლოოდ გარდაიქმნება პატრიოტული ორიენტაციის პოლიტიკოსად, აშშ მას ისევე მოიშორებს, როგორც მისი წინამორბედი - ირაკლი ღარიბაშვილი მოიშორა...

- და რა არის საფრთხის მიზეზი, რომელზეც, თქვენი თქმით, პატრიარქმა და პრემიერმა გაჩუმება ამჯობინეს? ვინ არის დამნაშავე საქართველოს ყველა უბედურებაში?

- დამნაშავეა მისი ხელისუფლება, თავისიანი - უცხოებში და უცხო - თავისიანებში. თავისიანი ვაშინგტონში, ბრიუსელსა და სტრასბურგში, უცხო - საქართველოში, ქართველი ხალხისთვის. საქართველოს ყველა განსაცდელისა და უბედურების მიზეზი მისი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული „უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსია“! ქრისტეს 10 მცნება, მართლმადიდებლობა, მეფე ერეკლე მეორე და პატრიარქი ილია მეორე საქართველოში სინონიმებად, „რუსულ ნარატივად“, „კრემლის რბილ ძალად“ და „რუსულ პროპაგანდად“ არიან შერაცხილი. ახალგაზრდობა მოწამლულია „დასავლური დემოკრატიული ღირებულებებით“ - ნარკომანია, ჰომოსექსუალიზმი და ერთნაირსქესიანი ქორწინება ნორმად და „პიროვნების თავისუფლების“ უმაღლეს გამოვლინებად ცხადდება, ხოლო ჩვენ, ქართველები - „ჭეშმარიტ ევროპელებად, რომლებიც თავიანთ ევროპულ ოჯახში ბრუნდებიან“.

- პირდაპირი მნიშვნელობით ბრუნდებიან - ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მალე სირიას გაუსწრებს! მაგრამ სირიიდან ადამიანები ომს გაურბიან - რას გაურბიან ევროპაში საქართველოდან?

- საქართველოდან ევროპაში შიმშილსა და სიცივეს გაურბიან! საქართველოს მთავრობას ვაშინგტონიდან უბრძანეს - არ გაებედა სამუშაო ადგილების შექმნა, რათა უმუშევრობის გამო რაც შეიძლება მეტმა შრომისუნარიანმა მოქალაქემ დატოვოს ქვეყანა. დარჩებიან კოლაბორაციონისტები, მოხუცები, ბავშვები და დებილები, რომლებსაც უნარი არ შესწევთ, საქართველოში ნატოს და აშშ-ის ბაზების გახსნას წინააღმდეგობა გაუწიონ. დაცარიელებული ქვეყანა, მიტოვებული ყანები და ქარხნები, სასტუმრო-საროსკიპოები და აღვირახსნილი ნატო-ელი ჯარისკაცი, ლოთი და მოძალადე, რომელიც ადგილობრივებს მოსამსახურეებად აღიქვამს - ასე გაიზიარებს საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნების მწარე ხვედრს.

- შექმნილი ვითარებიდან რა გამოსავალს ხედავთ, როცა გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე ალაპარაკდნენ?

- კვირიკაშვილმა ევროკავშირს უნდა სთხოვოს - სასწრაფოდ შეუჩეროს საქართველოს უვიზო რეჟიმი და თბილისში დეპორტაცია გაუკეთოს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც შენგენის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებიან. მხოლოდ მაშინ გაბრაზდებიან ქართველები, თავს დაანებებენ ევროპაში ყმებივით შრომას, ქურდობას, პროსტიტუციას, შინ დაბრუნდებიან და იძულებული გახდებიან, სამშობლოს კატასტროფული მდგომარეობით შეწუხდნენ! შედეგად საქართველოში ხელისუფლებაში ახალი ადამიანები მოვლენ, ისინი ხალხის ფულს დახარჯავენ ქარხნებისა და ფაბრიკების მშენებლობაზე, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის აღდგენაზე, და არა სექონდჰენდზე „MADE IN USA“, ნატოს შოუ-სწავლებებზე და ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზების მშენებლობაზე. ხოლო როდესაც ჩვენი მოქალაქეები სამსახურს და შრომის ადეკვატურ ხელფასს მიიღებენ, საქართველოს უვიზო რეჟიმს დაუბრუნებენ და ჩვენ ისევ ვიფრენთ ევროპაში, ოღონდ უკვე - დასასვენებლად და შოპინგისთვის!

- რატომ არ გადმოსცეს საქართველოს ამდენ ხანს ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი? ამაშიც საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე?! განა ის, სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, გამუდმებით არ აცხადებს, რომ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს მხოლოდ მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს?

- კი მაგრამ, ალტერნატივა გვაქვს? განა საქართველოს ხელისუფლებას მათი დაბრუნება არამშვიდობიანი გზითაც შეუძლია?! რომელ ტერიტორიებს დაუბრუნებს საქართველოს მისი ხელისუფლება, როცა ერთი მოქალაქის ცხედარიც კი ვერ დაუბრუნა? და ახლა საქართველოს მთავრობამ იძულებით მიმართა რუსეთს შესაბამისი თხოვნით, მაგრამ „поздно пить Боржоми“...

რაო, დაგვეხმარნენ ტატუნაშვილის შემთხვევაში ნატო-ელი „პარტნიორები“ და „სტრატეგიული მოკავშირე N1“ აშშ, რომელთა ინტერესებს ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში ათეულობით ქართველი შეეწირა, ასობით მათგანი კი მძიმედ დაიჭრა და სამუდამოდ დაინვალიდდა?! არ დაგვეხმარნენ, მხოლოდ, ჩვეულებისამებრ, „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს! და განა ჩვენი ბიჭები ცხრა მთას იქით სხვის ომში საბრძოლველად წავიდოდნენ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამშობლოს დამცველის გმირულ შრომას სათანადოდ რომ აფასებდნენ?! ნუთუ იქ 1000 ჯარისკაცისთვის ათას-ათასი დოლარი არ გამოინახა, რომ მათ, ავღანეთში ამერიკული სამხედრო ბაზების დაცვის ნაცვლად, ქართლსა და სამეგრელოში სადემარკაციო ხაზებთან საკუთარი თანამოქალაქეები დაეცვათ?! საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ათეულობით აპატიმრებენ ოსი და აფხაზი ძალოვანები, აგრეთვე რუსი მესაზღვრეები, შემდეგ კი ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში გადაჰყავთ?! ჩვენი საუკეთესო სამხედროები საქართველოს საქართველოში რომ ემსახურებოდნენ და ნატოს მისიებში დაქირავებულებად არ მიდიოდნენ, განა ოთხოზორია და ტატუნაშვილი დაიღუპებოდნენ?! სულ მცირე, კონფლიქტის ზონებში გაუგებრობებს და პროვოკაციებს ავიცილებდით თავიდან!

- ესე იგი, მიგაჩნიათ, რომ კვირიკაშვილის განცხადება არანაირ დადებით შედეგს არ მოიტანს?

- შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის სახელმწიფო დეპარტამენტის კარნახითაა დაწერილი, რათა შემდეგ შეიძლებოდეს, რუსეთს უსაყვედურონ - აი, ჩვენი მხრიდან რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, და ახლა დაღვრილ სისხლზე მთელი პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათო! ეს ცნობილი მეთოდია, რომელიც ძალიან უყვარდა განსვენებულ ზურაბ ჟვანიას, ამავე მიზნით სწერდა ის ცნობილ „ღია წერილებს“ ედუარდ შევარდნაძეს.

მაგრამ არსებობს ზეამოცანაც - კვირიკაშვილის განცხადების ფონზე ქართველებმა უნდა „დაივიწყონ“, რომ 2012 წლიდან, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, პუტინმა და მედვედევმა არაერთხელ გამოხატეს ქართველ კოლეგებთან შეხვედრის მზადყოფნა, რაზეც ეს უკანასკნელნი ქედმაღლური იგნორირებით პასუხობდნენ - ჯერ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაგვიბრუნეთ, მერე კი თქვენთან დალაპარაკებას ვიკადრებთო! მაშინ ბარემ გვითხრან - რა შეიცვალა მას შემდეგ? რატომ არ შეიძლებოდა რუსეთთან ლაპარაკი მთელი ეს 10 წელი, ახლა კი - შეიძლება?! ნუთუ რუსეთი დაგვპირდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან გაიწვევს?!

დიალოგის დაწყება საჭიროა უფლებამოსილების მანდატით აღჭურვილი მხარეთა წარმომადგენლების კონფიდენციალური შეხვედრებით, რომლებიც მათი ობიექტურობის, რეპუტაციისა და საჯარო საქმიანობის გამო ორმხრივი ნდობით სარგებლობენ. ასეთი ადამიანები საქართველოს ჰყავს, მაგრამ აშშ-ის საელჩომ ხელისუფლებას მათი პოტენციალის გამოყენება აუკრძალა, იმიტომ რომ ეს რუსებთან, ოსებთან და აფხაზებთან ქართველების შერიგებით ემუქრება, რაც აშშ-ის სტრატეგიულ ამოცანას ეწინააღმდეგება.

- და როგორია აშშ-ის სტრატეგიული ამოცანა საქართველოში, ბატონო არნო?

- ოფიციალური ვაშინგტონის ჩანაფიქრით, საქართველომ რაც შეიძლება მალე უნდა აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რათა მათ გარეშე „მსუბუქად შეფრთხიალდეს“ ნატოში და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზები გახსნას. აქ აშშ-ის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების სურვილები ერთმანეთს ემთხვევა, სხვა მხრივ კი ხაჯიმბას და ბიბილოვს მიუფურთხებიათ აშშ-სთვის, იმიტომ რომ მათ ზურგს რუსეთი და პუტინი უმაგრებს.

„აშშ-ში ბევრს ეჭვი ეპარებოდა და გერმანიის გაერთიანების წინააღმდეგი იყო, კისინჯერიც კი, მაგრამ რუსეთმა თავისი გაიტანა, რაკი ეს გერმანელ ხალხს სურდა, და ეს უანგაროდ გააკეთა!“, - მოწმობს პუტინი ახალ ფილმში „მსოფლწესრიგი 2018“. და ამის შემდეგ აშშ ქართველი ხალხის სურვილს პატივს სცემს და საქართველოს გააერთიანებს?! არ გამაცინოთ! ჩვენ „მთელი გზა“ გვატყუებდნენ, რომ რუსეთი ჟანგიან ტანკზე შემომჯდარი მთვრალი დათვია, რომელიც თავის ნავთობის ჭაბურღილს იცავს. დღეს კი „უცბად“ აღმოჩნდა, რომ რუსებს ისეთი ტექნოლოგიები და იარაღი აქვთ, აშშ მათ ტრილიონობით დოლარად და ათწლეულების განმავლობაში ვერ დაეწევა! თუმცა, აშშ-ს ტრილიონები არც აქვს - მხოლოდ ტრილიონობით ვალები...

ამ ყველაფრის შემდეგ საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსზე ლაპარაკის გაგრძელება მხოლოდ უტვინოებს ან უპასუხისმგებლო ავანტიურისტებს თუ შეუძლიათ.

- და ბოლო შეკითხვა: მიხეილ ჯანელიძე და მისი ერთგული მეგობარი გიგა ბოკერია გამწარებით ლობირებენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სანქციებს შეუერთდეს. თქვენი კომენტარი.

- ჯორჯიაში, სადაც აკადემიკოსი ჯაველიძის არ სჯერათ და „ჯაველინების“ იმედზე არიან, საგარეო საქმეთა მინისტრად ჯანელიძე ჰყავთ, იმიტომ რომ ჯანზე ვერ არინ! სააკაშვილის სეხნია და „ვისოლზე“ გაზრდილი მამალი ნაციონალი, რომელიც სიტყვა „დერეფანი“-ს მაგივრად რუსული შესატყვის „კარიდორ“-ს ხმარობს, რადგანაც 4 წელი რუსეთის დიპაკადემიაში - ФСБ-ს და СВР-ს აგენტების სამჭედლოში სწავლობდა!

იმ დროს, როცა პრემიერმა კვირიკაშვილმა რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას დიალოგი შესთავაზა, რასაც თვით აშშ-ის ელჩმა კელიმ და ნატოს გენმდივანმა სტოლტენბერგმა ხაზგასმით დაუჭირეს მხარი, როცა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღე რჩებოდა, „კარიდორა“ ჯაველიძემ ტრამპს მიჰბაძა - ტვიტერში განცხადება გააკეთა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის მთავრობას მხარდაჭერა აღუთქვა და საქართველოს სახელით გამოძიებაში დახმარების მზადყოფნა განაცხადა! იმ დიდ ბრიტანეთს, რომელმაც გადაბირებული ჯაშუშის - ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სკრიპალის მოწამვლაში ბრალი რუსეთს დასდო, მის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტა და რუსი დიპლომატები გააძევა! ანუ, დიდ ბრიტანეთს, სადაც პატარკაციშვილისა და ბერეზოვსკის მკვლელობები დღემდე არ გამოუძიებიათ, საქართველო უნდა დაეხმაროს, სადაც გამსახურდიას და ჟვანიას მკვლელობები დღემდე არ გამოუძიებიათ?!

მისტერ ჯანელიძეს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ არის და უნდა, დაუყოვნებლივ გაატაროს მისი უშუალო უფროსის - პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის დასახული საგარეო პოლიტიკური კურსი! სწორედ რომ ჯანელიძის მეტიჩრობას გულისხმობდა აშშ-ის ელჩი კელი, როცა საგანგებოდ
ხაზი გაუსვა - საქართველოს საგარეო უწყებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიღების თემაზე აშშ-ის საელჩოსთან არანაირი კონსულტაციები არ ჰქონიაო!

თავისი კოლონიების ხარჯზე პარპაშს მიჩვეულმა ბოღმიანმა ბრიტანეთმა, საკუთარი ხელისუფლების დიდი ამბიციების გამო, მსოფლიოში ყველანაირი ლიდერობა დაკარგა და ევროკავშირიდან გასვლით გადაულახავი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგა! უკან დაბრუნებას ანგლოსაქსებს ქედმაღლობა უშლის, ამიტომ ყურადღების გადატანა კარგად ნაცადი ფინტით - რუსეთის ცრუ დასმენით სცადეს. აი, სულ ეს არის!

რაც შეეხება სკრიპალის მოწამვლას: ნებისმიერი სამშობლოს მოღალატე - სკრიპალი იქნება ეს თუ სააკაშვილი - მას შემდეგ, რაც ყველა საიდუმლოს გასცემს და ყველანაირ რესურსს ამოწურავს, პატრონისთვის ზედმეტ ტვირთად იქცევა და ერთნაირად ცუდად ამთავრებს! როგორ შეიძლება, ეს აქსიომა და პოლიტიკური თამაშის ელემენტარული წესები სასაქართველოს მთავარმა დიპლომატმა არ იცოდეს?!

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
2018 წლის 19 მარტი
საქართველო, თბილისი