პოლიტიკა
აზერბაიჯანი საქართველოში უმსხვილესი ინვესტორია, რაც საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს - ილჰამ ალიევი

     საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით კი აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას და ორმხრივი ურთიერთობის მაღალ დონეს გაუსვა ხაზი.
პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ჩვენ სხვადასხვა სფეროში წარმატებით ვთანამშრომლობთ. მოხარული ვარ, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება, აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში. ჩვენ 2012 წლიდან ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენს ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია. ასევე, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობა მაღალ დონეზეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს გლობალური მნიშვნელობის მრავალი პროექტი, მათ შორის ერთ-ერთია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ოქტომბერში ჩვენ საზეიმოდ გავხსენით. წელს კი სამხრეთის გაზის კორიდორის, TANAP-ის პროექტის რეალიზაცია ჩვენს თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ჩვენი თანამშრომლობა არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე წარმატებით ვითარდება და ამ წარმატებულ ნაბიჯებს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მეგობრობა და ძმობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შორის არსებული ეს თბილი ურთიერთობა მომავალშიც მოემსახურება ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის“, – მიმართა ილჰამ ალიევმა გიორგი კვირიკაშვილს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.
აზერბაიჯანში ვიზიტი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობა აღმავლობის გზაზეა. გასული წელი ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული ზრდით აღინიშნა. აზერბაიჯანი არის საქართველოს პირველი საინვესტიციო პარტნიორი. დამატებით მინდა ვთქვა, რომ სულ ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, აზერბაიჯანი ვიზიტორების მხრივაც პირველ ადგილზეა, რაც ძალიან გვახარებს. სტრატეგიული პროექტები, რომლებიც თქვენ ახსენეთბაქო თბილისი-ყარსის პროექტი, სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი, რომელიც შემდგომ ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული გაზსადენით ევროპას უკავშირდება, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული ფორმატები პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით. გლობალურ ფორმატებში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციებს და ეს ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე. მინდა, ასევე მოგილოცოთ პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე. ეს საქართველოსთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მას ღირსეულად აღვნიშნავთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა „ზაგულბას“ სასახლეში გაიმართა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.