პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი: „ენერგეტიკის სამინისტროსგან ახალ მონსტრს ქმნიან, რომელსაც, შს და იუსტიციის სამინისტროების მსგავსად, ყველა უფლებას შეტენიან“

gogaსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბდება, ენერგეტიკის სამინისტრო კი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ გადაკეთდება. 
შევეცდებით, დღესვე ან უახლოეს დღეებში წარვუდგინოთ ეს ცვლილებები საქართველოს პარლამენტს", - განაცხადა გილაურმა.

მისივე განმარტებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები გაიყოფა. კერძოდ, გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური საკითხები სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციაში დარჩება, ბუნებრივი რესურსებისა და ლიცენზირების საკითხები კი ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს შეემატება.

იმის გასარკვევად, დაატოვებინებენ თუ არა მინისტრ გოგა ხაჩიძეს სავარძელს, საქინფორმი პრემიერის პრესსამსახურის ხელმძღვანელს - ნიკო მჭედლიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამის შესახებ სხდომაზე პრემიერს არ უსაუბრია და, შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს.

საქინფორმი დეპუტატ გია ცაგარეიშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ აკეთბდა პროგნოზებს მთავრობაში დაგეგმილი საკადრო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შესახებ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ უწყების მსგავსი რეორგანიზაცია საკითხისადმი ნეგატიური მიდგომაა.

„რასაც ვვარაუდობდი, სწორედ ის მოხდა, მაგრამ არ მესმის, რატომ უერთებენ ბუნებრივი რესურსების საკითხებს ენერგეტიკის სამინისტროს?! ახალი მონსტრი უნდა გავაკეთოთ, როგორიც შს და იუსტიციის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებია, სადაც ყველა უფლება და ფუნქციაა შეტენილი? რაც შეეხება მინისტრ ხაჩიძეს, ვფიქრობ, რომ არ გაუშვებენ და საკუთარ თანამდებობას გადაყვება რეორგანიზებულ სტრუქტურაში, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვურჩევ მას, კარიერა ესტრადაზე გააგრძელოს, რადგან ის ვერ მართავდა ჩაბარებულ უწყებას, მისი მინისტრობის პერიოდში კორუფციის უამრავი ფაქტი გამოვლინდა და საზოგადოება ყოველთვიურად ხედავდა, მისი უწყების წარმომადგენლებს ბატონი თოფურია როგორი ზარზეიმით აკავებდა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

რა ბედი ეწევა გოგა ხაჩიძეს და, კონკრეტულად, რა ცვლილებები შევა კანონში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გაირკვევა.