პოლიტიკა
ილჰამ ალიევმა შექმნა აზერბაიჯანის ეროვნულად ორიენტირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის თანამედროვე მოდელი, რომელიც საქართველოსთვის აკრძალულია - არნო ხიდირბეგიშვილი

     დასავლურ რეიტინგებში საქართველო დემოკრატიის სხვადასხვა მაჩვენებლით, როგორც წესი, რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს უსწრებს. დიახ, საქართველომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში, მაგალითად, ის უპირობო ლიდერია სხვადასხვა უმცირესობათა დაცვაში, მათ შორის, ლგბტ-საზოგადოების, რომელთა უფლებებს საგანგებო ანტიდისკრიმინაციული კანონი იცავს. საქართველოში ებრძვიან კორუფციას, უდავოდ არსებობს მედიის თავისუფლება, გამარტივებულია ბიზნესის რეგისტრაცია და სარეესტრო სერვისები, მაგრამ სახელმწიფო მშენებლობის და მართვის საკითხებში საქართველო აუტსაიდერი გახლავთ. დომხალი საქართველოს ხელისუფლებაში, რომელიც მისი სხვადასხვა შტოს დაპირისპირების შედეგად წარმოიშვა, სადაც პრეზიდენტი პარლამენტისა და მთავრობის მიმართ ოპოზიციისა და ვეტო-საბოტაჟის რეჟიმში იმყოფება, შეუძლებელია, რუსეთში, აზერბაიჯანში ან სომხეთში წარმოვიდგინოთ.
     სხვა მაგალითი - 2 მარტს სომხეთის პარლამენტში თითქმის ერთხმად აირჩიეს სომხეთის პრეზიდენტი. აი, ასე, მშვიდად და სკანდალების გარეშე, რესპუბლიკა საპარლამენტო მოდელზე გადავიდა, რომელზეც საქართველო ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა გადასულიყო. მაგრამ გასულ 2017 წელსაც კი, ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტის და სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ორგანიზებული დესტრუქციის გამო, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში წარუმატებლად დამთავრდა და ჩვენთან საპარლამენტო მოდელზე მხოლოდ 2023 წელს გადავლენ. მხოლოდ მაშინ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტი, რომელიც 2020 წელს შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული, თუმცა საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გეგმავდა.
     (საქართველოს ძირითადი კანონი, 1995 წლის 24 აგვისტოს მიღების შემდეგ, უკვე 33-ჯერ შეცვალეს, მათ შორის 25-ჯერ - პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, რაც ნამდვილად არ არის დემოკრატიის მაჩვენებელი, უფრო - პირიქით...)
     და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ამ წლის შემოდგომაზე ძველებურად - საყოველთაო კენჭისყრით აირჩევენ, ხელისუფლების მთავარი ბერკეტები კონსტიტუციით უკვე დიდი ხანია, პრემიერ-მინისტრის ხელში გადავიდა. ასევე მოხდება სომხეთში, რომლის პრემიერ-მინისტრი ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი გახდება. ამიტომ საქართველოსთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია - ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციას და აზერბაიჯანს, რომლებზეც მთლიანად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა და ბევრწილად - მისი ტერიტორიული პრობლემების მოგვარება.
     იმაში, რომ მომდევნო კვირას, 18 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდება, ეჭვი არავის ეპარება, ამიტომ მინდა, დავაზუსტო - რატომ გაიმარჯვებს 11 აპრილს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებზე კვლავ ილჰამ ალიევი.
     თავისი მამის ღირსეულმა მემკვიდრემ ილჰამ ალიევმა შეძლო არა მხოლოდ აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესების დაცვა, არამედ კონფლიქტურ რეგიონში დინამიკურად განვითარებად სიტუაციასთან მათი ადაპტაცია. აქ მხოლოდ ყარაბაღს არ ვგულისხმობ: უმცროსმა ალიევმა მოახერხა აზერბაიჯანელი საზოგადოების დაცვა განხეთქილებისა და არეულობისგან, რომელთა დათესვაც სურდათ საკუთარი ქვეყნების ხელისუფლებებთან აფილირებულ ცნობილ დასავლურ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, ფონდებსა და ინსტიტუტებს. მათ დივერსიული პროპაგანდისტული საქმიანობის გაშლა შეძლეს, მაგრამ პრეზიდენტმა ალიევმა თანმიმდევრულად აღკვეთა მათი ძირგამომთხრელი ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი, რის გამოც კრიტიკა და ბრალდებები დაიმსახურა მათი მხრიდან, ვინც კასპიის საგანძურისკენ ისწრაფვის, ვინც „რბილი ძალის“ მეშვეობით ბაქოს ჰიბრიდული ომი გამოუცხადა. ამით მათ ბოლომდე გასცეს თავი და აზერბაიჯანში არაფერი გამოუვიდათ, მაგრამ გამოუვიდათ საქართველოში. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციაში სამართლიანად არ აღიაროს და ისინი არათავისუფლად გამოაცხადოს, ევროპის პარლამენტი რუსეთსა და აზერბაიჯანში პრეზიდენტის არჩევნებზე დამკვირვებლებს არ მიავლენს!
     გავიხსენოთ ილჰამ ალიევის მმართველობის პირველი წლები, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობები ადგილობრივი პუტჩისტების მხრიდან, რომლებმაც ადეკვატური პასუხი მიიღეს. როდესაც მიხვდნენ, რომ ძალით სახელმწიფო გადატრიალებას ვერ მოახდენდნენ, დესტრუქციული ძალები ბრძოლის იდეოლოგიურ ფორმებზე გადავიდნენ, რომლებსაც „ფერადი რევოლუციის“ მომზადება ჰქვია. მცდელობები პერმანენტულად დღემდე გრძელდება, მაგრამ ალიევის გუნდის წყალობით ძირშივე აღიკვეთება. ამის გამო დასავლური ე.წ. უფლებადამცველი ორგანიზაციები პრეზიდენტ ალიევს არადემოკრატიულობაში, უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაში, მათ შორის - სიტყვის თავისუფლების უზურპაციასა და „ოჯახური დიქტატურის“ გაგრძელებაში ადანაშაულებენ. მაგრამ აზერბაიჯანელი ხალხი სახიფათო გარეშე გამოწვევების პირობებში სახელმწიფოებრიობის და ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისთვის თავისი პრეზიდენტის მადლიერია. ალიევმა თავისი ხალხისგან ნდობის მანდატი მიიღო და სწორედ სახალხო მხარდაჭერაზე დაყრდნობით შეძლო ამდენი წლის განმავლობაში ქვეყნის წარმატებით მართვა, სწორედ ამიტომ დღეს ის ახალი ვადით პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატია.
     ალიევმა შეძლო მთავარი - აზერბაიჯანის ეროვნულად ორიენტირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის თანამედროვე მოდელის შექმნა, რისი გაკეთებაც საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტი ალიევი არ იქნება. ვინ შეძლებს დაწყებული მოლაპარაკებების და პროექტების გაგრძელებას, მათ შორის - საქართველოსთან? ტრანსნაციონალური ენერგეტიკული, ლოგისტიკური, ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზის განვითარების, აბრეშუმის დიდი გზის გლობალურ პროექტში „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ მონაწილეობა? არ შემიძლია, არ შევეხო ყარაბაღის პრობლემას - ასე თუ ისე, პროცესი მიდის და თუ დღეს კონფლიქტი ისევ „ცხელ ფაზაში“ არ გადავიდა, როგორც არაერთხელ მომხდარა, ეს ალიევის დამსახურებაა. ფართო საზოგადოებამ ბევრი ნიუანსი არ იცის და არც უნდა იცოდეს, მაგრამ ეს პროცესი სწორედ ალიევმა უნდა გააგრძელოს უკვე მიღწეული დონიდან, და არა ნულიდან, გააგრძელოს უკვე პრემიერ სარგსიანთან, რადგან არა მხოლოდ აღმოსავლეთში, არამედ მსოფლიო პოლიტიკაშიც კონკრეტული პიროვნების, პოლიტიკური ლიდერის როლი გადამწყვეტია. ყველაფერს ქაღალდზე ვერ დაწერ, შეთანხმებებში ვერ დააფიქსირებ - სახელმწიფოს ხელმძღვანელის სიტყვა საპირისპირო მხარისთვის გარანტიც არის და განზრახვათა შესახებ ოქმიც! ახალი პრეზიდენტი კი - თუ ჰიპოთეტურად ვივარაუდებთ, რომ აზერბაიჯანში ხელისუფლებაში ახალი ლიდერი მოვა - ალიევის სიტყვებზე პასუხს არ აგებს.
     მთავარი საფრთხეა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ აზერბაიჯანში გარკვეულმა დასავლურმა ძალებმა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების ახალი აფეთქების პროვოცირება არ მოახდინონ, რაზეც პირდაპირ არის ნათქვამი აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის დენიელ კოუტსის მოხსენებაში „საფრთხეების მსოფლიო შეფასება“ (Worldwide Threat Assessment). აზერბაიჯანის ახლანდელი პრეზიდენტი დღემდე ახერხებდა „დანის პირზე“ სიარულს - შეინარჩუნა და განავითარა სტაბილური სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა რუსეთთან, ნატოში შესვლაზე უარი თქვა - და ამავე დროს აშშ არ გააბრაზა; ევროკავშირში შესვლაზე უარი თქვა - და ევროპის ქვეყნებთან მშვიდი ურთიერთობა შეინარჩუნა.
     აღარაფერს ვამბობ პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ და ანტიტერორისტულ პრევენციულ ნაბიჯებზე, რომლებმაც აზერბაიჯანი ისლამური სახელმწიფოსგან დაიცვა, როცა ის თავისი საცეცებით მისწვდა. და ეს საფრთხე დღეს უწინდებურად არსებობს - სწორედ წინა კვირას აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაანადგურა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში შემავალი ექსტრემისტული რელიგიური დაჯგუფების „ჰაჩმაზ ჯამაათის“ წევრები, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობისთვის ემზადებოდნენ.
     დაბალანსებული პოლიტიკის შედეგად ალიევის მისამართით კრიტიკა მიჩუმდა, ბოლო წლებში კი საერთოდ აღარ ისმის, თუ, რა თქმა უნდა, ზემოთ მითითებულ უცხოურ ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს არ ჩავთვლით, რომლებიც განაწყენებული არიან, რომ ბაქოში მათი ოფისები დახურეს. თუკი იესომ რუსეთს პუტინი უწყალობა, ალაჰმა აზერბაიჯანს ალიევი აჩუქა - ამბობენ, რომ მჯობნის მჯობი არ დაილევა, მაგრამ ალიევზე უკეთესს აზერბაიჯანში და აზერბაიჯანისთვის დღევანდელ დღეს და უახლოეს პერსპექტივაში ვერავის ვხედავ.
     და, რა თქმა უნდა, მე ქართველი ვარ და არ ვმალავ, რომ ჩემი სამშობლოს მიმართ კეთილგანწყობა, რომელიც ჰეიდარ ალიევის დროს არსებობდა და მისი ვაჟის პრეზიდენტობისას შენარჩუნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ეკონომიკა და ენერგომატარებლები. როგორც იცით, საქართველოში რამდენიმე ასეული ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, საქართველოს ღირსეული მოქალაქეები და პატრიოტები, მათ შორის - ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში. არსებობს სომხებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონიც - სამცხე-ჯავახეთი, სომეხი საქართველოში დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც აზერბაიჯანელი. ბევრი აზერბაიჯანელი და სომეხი თბილისში ცხოვრობს. და ზოგიერთ დასავლეთელ „მეგობარს“ ძალიან არ მოსწონს, რომ მათ შორის ყველაზე დაძაბულ მომენტებშიც კი ეროვნებათაშორის ნიადაგზე კონფლიქტები არ ყოფილა.
     სამწუხაროდ, ბოლო ხანებში პროვოცირებული იყო კონფლიქტური სიტუაციები აზერბაიჯანელ და ქართველ მოსახლეობას შორის - კონკრეტული პოლიტიკანები, რომლებიც საქართველოში ექსმმართველ პარტიას წარმოადგენენ, ცდილობდნენ, 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკური ქულები ჩაეწერათ პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებაზე, მეჩეთების გახსნის საკითხზე და ბორჩალოს გამოგონილ „პრობლემაზე“ სპეკულაციით. მაგრამ ჩვენი ხალხების, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებების, პირადად ილჰამ ალიევის სიბრძნის წყალობით ეს ინციდენტები ოპერატიულად ამოიწურა, ქართულ-აზერბაიჯანული შუღლის გაჩაღება არ მოხერხდა და ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა.

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 12 მარტი
საქართველო, თბილისი