რუსეთს უნდა განეჭვრიტა სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები მსოფლიოში გფრ-ის და გდრ-ის გაერთიანების შემდეგ, მაგრამ არაკომპეტენტურობა გამოიჩინა და პოზიციები დათმო - პუტინი
პოლიტიკა
რუსეთს უნდა განეჭვრიტა სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები მსოფლიოში გფრ-ის და გდრ-ის გაერთიანების შემდეგ, მაგრამ არაკომპეტენტურობა გამოიჩინა და პოზიციები დათმო - პუტინი

     საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. „ჩვენ არა მარტო ხელი შევუწყვეთ გერმანიის გაერთიანებას და იქიდან ჯარები გამოვიყვანეთ, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც გამოვიყვანეთ ჯარები იმის მოლოდინში, რომ ვარშავის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ნატოც შეწყვეტს არსებობას ან, უკიდურეს შემთხვევაში, როგორც თავის დროზე გვეუბნებოდნენ, აღარ გაფართოვდება, ჩვენი ურთიერთობის სისტემაში რაღაც ტექტონური ცვლილებები მოხდება“, - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა ინტერვიუში დოკუმენტური ფილმისათვის „მსოფლწესრიგი 2018“.
„მინიმუმ, ეს არ მოხდა, იმიტომ რომ გაირკვა, რომ ამ იდეოლოგიური მარკის ქვეშ გეოპოლიტიკური ბრძოლაც მიმდინარეობს“, - აღნიშნა მან.
პუტინმა შეახსენა, რომ მოგვიანებით კიდევ იყო აღმოსავლეთისკენ ნატოს გაფართოების აშშ-ის მიერ წამოწყებული ორი ტალღა, იუგოსლავიის დაბომბვა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე, ოპერაცია ერაყში, ავღანეთში, რადიკალიზმის გაღვივება ჩრდილოეთ კავკასიაში. „ესეც თქვენ, ერთმანეთს წაეწყო თითქოსდა მოულოდნელად, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ კი, რბილად რომ ვთქვა, სულ მცირე, არაკომპეტენტურობა და იმის ვერ გაგება გამოვავლინეთ, რა დაემართებოდა ქვეყანას და მსოფლიოს ჩვენ მიერ, ასე ვთქვათ, ცალმხრივად პოზიციების დათმობის შემდეგ“, - აღნიშნა პუტინმა.
პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ იმ დროს დასავლეთ ბლოკში გდრ-ის ბევრი მოკავშირეც კი გდრ-ის და გფრ-ის გაერთიანებასთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამდა ან არ ეთანხმებოდა. აშშ-შიც ბევრი ყოყმანობდა, სახელმწიფო მდივანი კისინჯერიც კი ეჭვობდა. „რუსეთი კი - არა. რუსეთს მიაჩნდა, რომ თუკი გერმანელი ხალხი გაერთიანებისკენ მიისწრაფვის, ამისათვის ხელის შეშლა კონტრპროდუქტიული, მავნე და უსამართლოა, და ხელი შეუწყო ამას, თანაც, ფაქტობრივად, უანგაროდ“, - განაცხადა პუტინმა. „კრედიტები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ - ცრემლებია“, - დასძინა მან.