პოლიტიკა
სირიის მერე საქართველო მეორე ადგილზეა ევროპაში მოქალაქეობის მაძიებელთა თვალსაზრისით! - რიკარდ იოზვიაკი

     საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. „2015 წელს მილიონზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა შენგენის ზონაში თავშესაფრისთვის. გერმანიაში, შვედეთში, ავსტრიასა და ჰოლანდიაში ბევრი ამბობს, მოდით, ჩავკეტოთ საზღვრები და მეტი აღარავინ მივიღოთო. ახლა ასეთი ვითარებაა. თავშესაფრის მაძიებლები პოპულარული აღარ არიან. თუნდაც 10 ან 15 კაცი საქართველოდან უკვე პრობლემაა, რადგან ევროკავშირი ყველაზე ნაკლებად ელოდა ასეთ სტატისტიკას საქართველოდან. ფიქრობდნენ, რომ უკრაინასთან ექნებოდათ პრობლემა. ამიტომ შოკირებული არიან. შვედ ოფიციალურ პირებს ველაპარაკე და მითხრეს, რომ ბოლო ორ თვეში საქართველოდან თავშესაფრის 300 მაძიებელი ჩავიდა.
სირიის შემდეგ მეორე ადგილზე ხართ. სირიის საკითხი გასაგებია. იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს და საომარი ზონაა, მაგრამ რატომ უნდა იყოს საქართველო მეორე ადგილზე და არა ერაყი, ავღანეთი ან ირანი? საქართველო ხომ განვითარებად ქვეყნად მიიჩნევა. ეს ამიტომ უკვირთ ევროპელებს“, - განაცხადა „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა.