საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინმა ფილმში „მსოფლწესრიგი 2018“, რომელიც ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან რამდენიმე ინტერვიუს ეფუძნება, აშშ-ის სანქციურ პოლიტიკას სისუსტის ნიშანი უწოდა, მაგრამ ამასთან აღნიშნა, რომ იმედი არ გაუცრუა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელთანაც მოლაპარაკება და კომპრომისის ძებნა შესაძლებელია.
„მე იმედგაცრუებული ვარ არა პარტნიორით, არამედ სულ უფრო იმედგაცრუებული ვარ თავად სისტემით. აქ არ შეიძლება, არ იყოს იმედგაცრუება, იმიტომ რომ ის აშკარა არაეფექტიანობის დემონსტრაციას ახდენს და საკუთარ თავს ჭამს. ამასთან, ამერიკული სისტემა გაუთვალისწინებელია, რაც მასთან ურთიერთქმედებას ართულებს“, - ამბობს პუტინი.
„კონკურენტები არავის უყვარს, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი და დასძენს, რომ ყირიმის შემთხვევაში „არავინ მოელოდა, რომ ჩვენ ვიმოქმედებდით ასე სწრაფად, ასე გამბედავად, რომ არ ვთქვა - მოურიდებლად“. „არსებობს ძალიან კარგი ორიენტირები, ძალიან კარგი შუქურები. ეს შუქურა - რუსეთის ფედერაციისა და მისი ხალხის ინტერესებია!“, - ხაზს უსვამს ის.
„თუკი მსოფლიოში განვითარების ტენდენციებს გადავხედავთ, აჯობებს, რუსეთი მოკავშირედ გყავდეთ. რუსეთი დიადი სახელმწიფოა“, - განაცხადა პუტინმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქვეყნები, რომლებიც ანტირუსულ პოლიტიკას ატარებენ, თავისი ქმედებებისგან დაზარალდებიან, ამიტომ ის „რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას“ ურჩევს.