საზოგადოება
ისინი, ვინც „ცივი ომის“ დასაწყისზე აცხადებს, ანალიტიკოსები კი არა, პროპაგანდისტები არიან! - პუტინი

     საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. რფ-ის ფედერალური კრებისადმი მიმართვის შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა ამერიკის ტელეარხ NBC-ს, მისთვის კარგად ნაცნობ ჟურნალისტ მეგინ კელის.
- დასავლეთის ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს „ცივი ომის“ გამოცხადებაა. ახალი გამალებული შეიარაღება მიმდინარეობს? - ჰკითხა ჟურნალისტმა პუტინს.
- მიმაჩნია, რომ ანალიტიკოსები, რომლებიც ახალი „ცივი ომის“ დასაწყისზე აცხადებენ, სინამდვილეში ანალიტიკოსები არ არიან. ისინი პროპაგანდას ეწევიან. თუ გამალებულ შეიარაღებაზე ლაპარაკობთ, ის სწორედ მაშინ დაიწყო, როცა აშშ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან გამოვიდა, - უპასუხა პუტინმა.
- ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ თქვენ წარუმატებელი გამოცდები ჩაატარეთ. და ამიტომ აჩვენეთ მხოლოდ ანიმაცია, მაგრამ ჯერ არცერთი რეალური ვიდეო არ წარმოგიდგენიათ...
- კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს გულისხმობთ?
- დიახ, რომლებიც, როგორც აცხადებთ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას უსარგებლოს ხდის, - დააზუსტა ჟურნალისტმა.
- თითოეული სისტემა, რომლებზეც დღეს იყო ლაპარაკი, უწვალებლად უვლის გვერდს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას.
- ესე იგი, გამოცდები ჩაატარეთ?
- და ძალიან კარგადაც. ზოგ რაკეტას ჯერ კიდევ სჭირდება დამუშავება, სხვები ჯარებისთვის უკვე მისაწვდომია და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
- შეგიძლიათ, პირდაპირ ახლა, კამერის წინ თქვათ, რომ გაქვთ მუშა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები ბირთვული ძრავით, რომლებიც წარმატებით გამოსცადეთ? - ჰკითხა ჟურნალისტმა.
- მათ ყველაფერი წარმატებით გაიარეს. ყოველ ამ სისტემას მზადყოფნის სხვადასხვა ხარისხი აქვს. ზოგი მათგანი უკვე საბრძოლო მორიგეობაზეა, ჯარში, - თქვა პუტინმა.