სამართალი
ირაკლი კობახიძე - რეზოლუციის მიზანი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა

     საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევამ აჩვენა, რომ ეს არ არის უბრალოდ გაყინული კონფლიქტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუციის მიზანთან დაკავშირებით შეკითხვა პირველმა არხმა მოლდოვაში, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივ ბრიფინგზე დაუსვა.
მისი თქმით, რეზოლუციის იდეა აღნიშნული საკითხისადმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაში მდგომარეობს.
ამ რეზოლუციის იდეა იმაშია, რომ საქართველოსა და მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს აღნიშნული რთულ საკითხზე. არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევამ აჩვენა, რომ ეს არ არის უბრალოდ გაყინული კონფლიქტი, რომელიც ხდება ოკუპირებულ ცხინვალსა თუ აფხაზეთში. სიტუაცია, რაც ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გვაქვს, აბრკოლებს კავშირებს მშვიდობიან ადამიანებს შორის, საქართველოს მოქალაქეებს შორის და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მსგავს ქმედებებს, ეს არის რეზოლუციის მთავარი საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია დაარეგისტრირა. რეზოლუციის პროექტს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში დაამტკიცებს.