აქტუალური
კეთდება ყველაფერი, რომ არ დაირღვეს ორდღიანი ვადა და ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდეს ოჯახს - კახა ქემოკლიძე

     საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დათქმული ორდღიანი ვადა არ დაირღვეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა ქემოკლიძემ განაცხადა.
ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ არ დაირღვეს ორდღიანი ვადა და ცხედარი დაუბრუნდეს ოჯახს. ასევე, მოხდეს საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა სოფელ ნატახტართან აქცია გამართეს, ისინი ცხედრის გადმოცემას მოითხოვდნენ. ოკუპირებულმა ცხინვალმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ცხედრის იმ დღესვე გადმოცემაზე უარი განაცხადა. როგორც ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა აღნიშნა, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაეცემა, საექსპერტო მასალები კი რუსეთშია გაგზავნილი.
არჩილ ტატუნაშვილის მამამ განაცხადა, რომ ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და ამ პერიოდში აქციებს შეწყვეტენ.