საზოგადოება
საქინფორმის მოთხოვნით გაწვეულმა აშშ-ის ელჩმა გამომშვიდობებისას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემის უზურპაციაში, ბიზნესის მონოპოლიზაციასა და „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებათა გარჩევის მავნებლურ განახლებაში დაადანაშაულა!

     საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაითვალისწინა საქინფორმის თხოვნა, მისი მთავარი რედაქტორისაგან წერილის მიღების მეორე დღეს აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოდან გაიწვია და დიპლომატიური სამსახურიდან პენსიაზე გაუშვა.
“იყო რამდენიმე შემთხვევა უახლოეს წარსულში, როდესაც ამერიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სამართლიანი მოპყრობა სასამართლოებში. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელიც თავისუფალია გარეშე ზეგავლენისაგან, არის უმნიშვნელოვანესი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, რაც ესოდენ აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის.
ასევე, აუცილებელია, ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ და იცოდეს, რომ მის უფლებებს დაიცავენ არა ცარიელი სიტყვით, არამედ საქმით. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს სასამართლო სისტემა ოპონენტების საწინააღმდეგო იარაღად, ან თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად. მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული, როგორ გამოავლენს თავშეკავებას, რომ არ გადაამეტოს საკუთარ უფლებებს, დაეხმაროს საზოგადოებას განხეთქილების დაძლევაში და შეაჩეროს წარსულ შეცდომებზე დავის განახლება“, - განაცხადა ელჩმა კელიმ თავის გამოსათხოვარ სიტყვაში.
ამით აშშ-ის უკვე ყოფილმა ელჩმა, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ სასამართლოები საქართველოში „ჯიბისაა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინსტრუქციებს ასრულებენ, მათ შორის - უცხოურ ბიზნესს ავიწროებენ, იმიტომ რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ფარული უკანონო ბიზნესინტერესები აქვთ. რომ ხალხს არ სჯერა მართლმსაჯულების, რომელსაც ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად იყენებს! რომ „ქართული ოცნება“ თავის უფლებამოსილებებს ამეტებს და ვერ შეძლო საზოგადოებაში განხეთქილების დაძლევა, იმიტომ რომ არ შეაჩერა სააკაშვილის ყოფილი რეჟიმის დამნაშავეთა დასჯის მიზნით არასასურველი სასამართლო პროცესების განახლება (ვიდეო იხ. აქ).

საქინფორმი