სამართალი
გიორგი კვირიკაშვილი - რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც

     საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ გამწესებას ეხმაურება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მმართველ გუნდში მძიმე რეაქცია გამოიწვია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებამ.
„დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა.
რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც.
მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი.
სამართლიანობის განცდა არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც შენდება დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო.
რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუციური გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში ვერ იქნება საჯარო აღქმებთან, თუმცა არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც ღირებულებებს ეხება და მთელ ერს აერთიანებს. სწორედ ღირებულებებისთვის ბრძოლამ გააერთიანა ჩვენი ერი და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვა გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“.
ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დავტოვოთ უპასუხოდ საზოგადოების კითხვები, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია.
იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომელიც მისცემს საშუალებას ჩვენს ქვეყანას, განამტკიცოს ის მონაპოვარი, რომელიც მოგვიტანა რამდენიმეწლიანმა ბრძოლამ და 2012-მა წელმა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, ექვს მოსამართლეს კი მხარი არ დაუჭირა.
საბჭომ კენჭი უვადოდ გამწესების მსურველ 50 კანდიდატს უყარა, საიდანაც ექვსმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა, ესენი არიან – ირაკლი შავაძე, მიხეილ ბებიაშვილი, ცისანა სირბილაძე, კობა გოცირიძე, ეკატერინე პართენაშვილი და დავით კეკენაძე.