უცხოეთი
Washington Post - ერაყსა და სირიაში საქართველოდან საბრძოლველად წასული 50 ადამიანი სამშობლოში დაბრუნდა

     საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. „ახლა, როდესაც „ისლამური სახელწიფო“ დაეცა ერაყსა და სირიაში, სად მიდიან მისი მებრძოლები“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა Washington Post-ი.
სტატიაში მოყვანილია Soufan Center-ისა და „გლობალური სტრატეგიის ქსელის“ კვლევა, რომლის თანახმადაც, „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ სამშობლოში 5600 მებრძოლი უკვე დაბრუნდა. Soufan Center-ის კვლევის სახელწოდებაა „ხალიფატის მიღმა: უცხოელი მებრძოლები და დაბრუნებულებისგან მომავალი საფრთხე“. დოკუმენტში მოყვანილი მონაცემების თანახმად, საქართველოდან ერაყსა და სირიაში ჯიჰადისტების რიგებში საბრძოლველად 200-ზე მეტი ადამიანი წავიდა, მათგან დაახლოებით 50 სამშობლოში დაბრუნდა, 50-ზე მეტი კი, დღემდე რჩება ცხელ წერტილში.
ამავე კვლევის თანახმად, ერაყიდან და სირიიდან ყველაზე მეტი – 900 მებრძოლი თურქეთში დაბრუნდა. 2014-2017 წლებში თურქეთიდან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს 1500-მდე მებრძოლი შეუერთდა. საუდის არაბეთიდან ერაყსა და სირიაში 3000 ადამიანი წავიდა, მათგან 760 უკვე დაბრუნდა სამშობლოში.
დაახლოებით, 1200 მებრძოლი დაბრუნდა ევროპაში: დიდ ბრიტანეთში – 400, საფრანგეთში – 271, გერმანიაში – 300. რუსეთიდან სირიასა და ერაყში წასული 3400 მებრძოლიდან 400 დაბრუნდა.
მაღალია დაბრუნებული მებრძოლების რიცხვი ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშიც. სირიიდან და ერაყიდან ტუნისში 800 ადამიანი დაბრუნდა, 200 კი – მაროკოში.
ანგარიშის თანახმად, შვიდი მებრძოლი დაბრუნდა აშშ-ში. აშშ-დან სირიასა და ერაყში საბრძოლველად 129 ადამიანი გაემგზავრა.
„ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიაზე უკანასკნელ შანსებს ებღაუჭება, მსოფლიო პრობლემის წინაშე დადგა: ერაყსა და სირიაში ჩასული „ისლამური სახელმწიფოს“ 40 ათასამდე მხარდამჭერი სახლებში ბრუნდება. Soufan Center-ისა და „გლობალური სტრატეგიის ქსელის“ მონაცემებით, თავიანთ ქვეყნებში უკვე დაბრუნდა 5600 მებრძოლი“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც Washington Post-ი წერს, ამ ქვეყნებს ჯერ არ გაურკვევიათ, როგორ მოექცნენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაბრუნებულ წევრებს – ბევრი დააპატიმრეს, ზოგს კი შესაძლოა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
თუმცა, რეაბილიტაციის პროგრამები რთული შესადგენი და განსახორციელებელია. რეინტეგრაციისთვის ცალკე გამოწვევას წარმოადგენენ დაბრუნებული ქალები და ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ მაშინ, როდესაც მათი მშობლები ერაყსა და სირიაში იბრძოდნენ.
„მართალია, დაბრუნებულ მებრძოლებს პირდაპირ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ თავდასხმასა ან საფრთხეზე, თუმცა ისინი შესაძლოა, გახდნენ შთაგონების წყარო ან მაგალითი მათთვის, ვინც რადიკალიზაციის გზას ადგას“, – წერს გამოცემა.