აქტუალური
საქართველო არ არის მზად, შეუერთდეს ნატოს და ევროპელი მოკავშირეები უახლოეს მომავალში არ დაუჭერენ მხარს საქართველოს გაწევრიანებას! - უილიამ კორტნი

     საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე და გამოწვევებზე დისკუსია გაიმართა ვაშინგტონში, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში The Heritage Foundation. არის თუ არა მზად საქართველო ალიანსის წევრობისთვის? - ამ საკითხზე აშშ-ში ანალიტიკოსების აზრი გაყოფილია.
"საქართველო არ არის მზად, შეუერთდეს ნატოს და ევროპელი მოკავშირეები უახლოეს მომავალში არ დაუჭერენ მხარს საქართველოს გაწევრიანებას. “Transparency International”-ის კორუფციის 2017 წლის ინდექსით საქართველო 46-ეა, რაც საუკეთესოა იმ 2002 წლის 85-ე ადგილთან შედარებით.
ეს დიდი გაუმჯობესებაა. თუმცა, ჯერჯერობით არის სისუსტე კანონის უზენაესობის დაცვაში და ქარიზმატული ან მდიდარი ლიდერების ჩვევა, რომელთა მართვის ხასიათი ზოგჯერ არადემოკრატიული და გაუმჭვირვალეა", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ, რომელიც „ქარიზმატულ ან მდიდარ ლიდერებში“ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა.